16.06.2026
საერთაშორისო კომერციულ ურთიერთობებში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა: რა ხდება მაშინ, როცა დავა ერთ ქვეყანაში დასრულდა, მიღებულია გადაწყვეტილება, მაგრამ ამ გადაწყვეტილების აღსრულება სხვა ქვეყანაშია საჭირო? სწორედ ამ კითხვაზე პასუხობს 1958 წლის უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების შესახებ კონვენცია, რომელიც საყოველთაოდ ცნობილია როგორც ნიუ-იორკის კონვენცია.
დღეს ეს კონვენცია საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის ერთ-ერთ მთავარ საყრდენად მიიჩნევა, რადგან იგი ქმნის სამართლებრივ მექანიზმს, რომლის საფუძველზეც ერთ სახელმწიფოში მიღებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შესაძლებელია ცნობილ და აღსრულებულ იქნეს სხვა სახელმწიფოშიც - მხოლოდ შეზღუდული და მკაცრად განსაზღვრული საფუძვლების არსებობისას. მისი ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი მოცემულია III მუხლში, რომლის მიხედვითაც თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფო ვალდებულია საარბიტრაჟო გადაწყვეტილება აღიაროს სავალდებულოდ და უზრუნველყოს მისი აღსრულება როგორც კონვენციის შესაბამისი დებულებების, ისე იმ სახელმწიფოს საპროცესო სამართლის ნორმების საფუძველზე, რომლის ტერიტორიაზეც გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება მოითხოვება. ამასთან, იმ გადაწყვეტილებების მიმართ, რომლებზეც კონვენცია ვრცელდება, დაუშვებელია დაწესებულ იქნეს არსებითად უფრო რთული პირობები ან უფრო მაღალი გადასახადი ან სახელმწიფო ბაჟი, ვიდრე დაწესებულია შიდა (ეროვნული) საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების შემთხვევაში.[1]
როგორ შეიქმნა ნიუ-იორკის კონვენცია?
უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების შესახებ კონვენცია (1958), რომელიც საყოველთაოდ ცნობილია როგორც ნიუ-იორკის კონვენცია, წარმოადგენს საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის ქვაკუთხედს. ჟენევის კონვენციისა და მასთან დაკავშირებული ოქმის რევიზიის, აგრეთვე მოქმედ რეგულაციებში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, 1953 წელს საერთაშორისო სავაჭრო პალატამ პარიზში შეიმუშავა ნიუ-იორკის კონვენციის საწყისი პროექტი და იგი გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოს გადასცა. საბჭოს მიერ რედაქტირებული ტექსტი შემდგომში წარედგინა 1958 წელს ნიუ-იორკში გამართულ კონფერენციას, რომელშიც 45 სახელმწიფოს დელეგაციები მონაწილეობდნენ. ნიუ-იორკის კონვენციის საბოლოო რედაქცია სწორედ აღნიშნულ კონფერენციაზე დამტკიცდა. კონვენცია ძალაში შევიდა 1959 წლის 7 ივნისს.[2]
საქართველო ნიუ-იორკის კონვენციას მიუერთდა 1994 წლის 2 ივნისს, ხოლო საქართველოს მიმართ კონვენცია ძალაში შევიდა 1994 წლის 31 აგვისტოს.[3] შესაბამისად, საქართველო არის ნიუ-იორკის კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფო, რაც ნიშნავს, რომ უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობა და აღსრულება საქართველოში ხორციელდება როგორც კონვენციის, ისე ეროვნული კანონმდებლობის საფუძველზე. ამ კუთხით განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონს, რომლის 44-ე მუხლი ადგენს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების წესს, ხოლო 45-ე მუხლი ცნობა-აღსრულებაზე უარის თქმის საფუძვლებს. საქართველოს სასამართლო პრაქტიკაც ადასტურებს, რომ უზენაესი სასამართლო უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობა-აღსრულების საკითხებზე ნიუ-იორკის კონვენციას იყენებს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონთან ერთად: მაგალითად, 2025 წლის საქმეში სასამართლომ პირდაპირ მიუთითა კონვენციის III, IV და V მუხლებზე და განმარტა, რომ კონვენციის V მუხლიდან გამომდინარეობს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული უარის თქმის საფუძვლები.[4]
რატომ არის ეს კონვენცია ბიზნესისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი?
ნიუ-იორკის კონვენციის პრაქტიკული მნიშვნელობა განსაკუთრებით კარგად ჩანს საერთაშორისო ბიზნესსა და ინვესტიციებში. როდესაც კომპანიები და ინვესტორები მუშაობენ სხვადასხვა იურისდიქციაში, მათთვის გადამწყვეტია წინასწარ იცოდნენ, რომ დავის წარმოშობის შემთხვევაში მიღებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილება რეალურად აღსრულებადი იქნება.
კონვენცია სწორედ ამას უზრუნველყოფს:
თუ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მიღებულია ერთ სახელმწიფოში, მისი ცნობა და აღსრულება შესაძლებელია სხვა სახელმწიფოშიც, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს აღსრულებაზე უარის თქმის კონვენციით განსაზღვრული სპეციალური საფუძვლები.
სწორედ ამიტომ, ნიუ-იორკის კონვენცია არა მხოლოდ იურიდიული დოკუმენტია, არამედ საერთაშორისო ვაჭრობისა და ინვესტირებისადმი ნდობის ერთ-ერთი მთავარი გარანტი.
აღსანიშნავია, რომ ნიუ-იორკის კონვენციის ამგვარი პრაქტიკული ეფექტიანობა კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება უცხოური სასამართლო გადაწყვეტილებების ცნობა-აღსრულების რეჟიმის მიმართ. საარბიტრაჟო გადაწყვეტილებებისგან განსხვავებით, უცხოური სასამართლო გადაწყვეტილებებისათვის დღემდე არ არსებობს ნიუ-იორკის კონვენციის მსგავსი მასშტაბისა და გავრცელების მქონე ერთიანი, უნივერსალური საერთაშორისო ინსტრუმენტი. მართალია, სასამართლო გადაწყვეტილებების ცნობა-აღსრულების სფეროში მოქმედებს გარკვეული საერთაშორისო მექანიზმები, მათ შორის ჰააგის 2005 წლის კონვენცია[5] სასამართლოს არჩევის შეთანხმებათა შესახებ და ჰააგის 2019 წლის კონვენცია[6] უცხოური სასამართლო გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების შესახებ, თუმცა მათი მოქმედების ფარგლები და მონაწილე სახელმწიფოთა რაოდენობა ნიუ-იორკის კონვენციას ვერ უტოლდება.[7] სწორედ ეს გარემოება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ნიუ-იორკის კონვენციის განსაკუთრებულ მნიშვნელობას: მან საარბიტრაჟო გადაწყვეტილებებს მიანიჭა ისეთი საერთაშორისო აღსრულებადობა, რომლის ანალოგიური მასშტაბის მექანიზმი სასამართლო გადაწყვეტილებების მიმართ ჯერ კიდევ არ ჩამოყალიბებულა.
კონვენციის ძირითადი მიზანი
ნიუ-იორკის კონვენციის მთავარი მიზანი იყო არბიტრაჟის, როგორც საერთაშორისო კომერციული დავების გადაწყვეტის საშუალების, მხარდაჭერა და გაძლიერება, რათა გამარტივებულიყო საერთაშორისო ვაჭრობა და ინვესტირება.[8] ამ მიზნის მისაღწევად კონვენცია რამდენიმე ფუნდამენტურ ამოცანას ემსახურება:
კონვენცია ხელს უწყობს უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობასა და აღსრულებას სხვადასხვა ქვეყანაში, იმ ერთიანი წესების სისტემის დადგენის გზით, რომელიც მსოფლიო მასშტაბით გამოიყენება.[9]
რაც უფრო მარტივია გადაწყვეტილების აღსრულება, მით უფრო პროგნოზირებადია საერთაშორისო კომერციული ურთიერთობები. კონვენცია ადგენს ისეთ წესებს, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით გამოიყენება და ამცირებს ქვეყნებს შორის მიდგომათა სხვაობას.
კონვენციის ერთ-ერთი არსებითი მიზანი იყო ერთგვაროვნება.[10] კერძოდ, ისეთი ეფექტიანი საერთაშორისო სამართლებრივი ჩარჩოს შექმნა, რომელიც პრაქტიკაში გამოყენებადი იქნებოდა და ხელს შეუწყობდა როგორც საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების, ისე საარბიტრაჟო შეთანხმებების ცნობასა და აღსრულებას.[11]
ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სასამართლოების მიერ კონვენციის ერთგვაროვანი განმარტება, რადგან სწორედ პრაქტიკა განსაზღვრავს, რამდენად ეფექტიანად იმუშავებს ეს საერთაშორისო მექანიზმი. სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებათა შემმუშავებლების მსგავსად, კონვენციის ავტორებიც მიზნად ისახავდნენ საარბიტრაჟო შეთანხმებებისა და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღსრულებისთვის საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტების ერთიანი სისტემის ჩამოყალიბებას. როგორც ბორნი ასკვნის, „ნიუ-იორკის კონვენციის მნიშვნელობა საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟისთვის კიდევ უფრო ზრდის იმის აუცილებლობას, რომ კონვენცია სასამართლოების მიერ ერთგვაროვნად იქნას განმარტებული.“[12]
რა უნდა შეაფასოს სასამართლომ საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობისას?
როდესაც ერთ-ერთი მხარე სასამართლოს მიუთითებს, რომ დავა უკვე ექვემდებარება საარბიტრაჟო შეთანხმებას, სასამართლოს შეიძლება მოუწიოს ამ შეთანხმების ძალისა და მოქმედების შეფასება. ასეთ შემთხვევაში, როგორც წესი, ყურადღება ექცევა რამდენიმე ძირითად საკითხს.
სასამართლომ უნდა შეაფასოს, არის თუ არა მოცემული დავა ისეთი ბუნების, რომ მისი განხილვა საერთოდ დასაშვები იყოს არბიტრაჟში ანუ წარმოადგენს თუ არა მხარეთა შორის წარმოშობილი დავა არბიტრაჟის განხილვის საგანს.
უნდა დადგინდეს, დაცულია თუ არა საარბიტრაჟო შეთანხმებისთვის კანონით დადგენილი ფორმა.
მნიშვნელოვანია გაირკვეს, არსებობდა თუ არა მხარეთა ნამდვილი და თანმხვედრი ნება დავის არბიტრაჟში გადაცემის შესახებ.
სასამართლომ უნდა განსაზღვროს, მოიცავს თუ არა კონკრეტული საარბიტრაჟო შეთანხმება იმ დავას, რომელიც მის წინაშეა წარდგენილი.
ასევე უნდა შეფასდეს, ხომ არ არის შეთანხმება ბათილი, ძალადაკარგული ან მისი შესრულება ობიექტურად შეუძლებელი.
საარბიტრაჟო შეთანხმების ნამდვილობის პრეზუმფცია
ზემოაღნიშნული საკითხების შეფასებისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფუძემდებლური მიდგომა, რომლის მიხედვითაც, როგორც ნიუ-იორკის კონვენცია, ისე საქართველოს კანონი „არბიტრაჟის შესახებ“, ეფუძნება საარბიტრაჟო შეთანხმების ნამდვილობის პრეზუმფციას.
ეს ნიშნავს, რომ საარბიტრაჟო შეთანხმება, როგორც წესი, მიიჩნევა ნამდვილად და აღსრულებადად - როგორც ფორმალური, ისე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით - მანამ, სანამ არ დადასტურდება საწინააღმდეგო. კერძოდ, შეთანხმება უნდა ჩაითვალოს მოქმედად, თუ არ გამოვლინდა, რომ ის არის:[13]
ეს პრეზუმფცია პრაქტიკულად ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იგი საარბიტრაჟო შეთანხმებას თავიდანვე ანიჭებს მოქმედების ძალას და ამცირებს მის უსაფუძვლოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების რისკს.
რატომ არის გამოყენების სფეროს განსაზღვრა ასეთი მნიშვნელოვანი?
ნებისმიერი მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა შემთხვევებზე ვრცელდება მისი მოქმედება. ნიუ-იორკის კონვენციის შემთხვევაშიც, გამოყენების სფეროს შესახებ დებულებებს ცენტრალური ადგილი უჭირავს, რადგან კონვენციის მიზანია უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობასა და აღსრულებაში უნიფორმულობის - ერთგვაროვნების დამკვიდრება.
აუცილებელია შესაძლებელი იყოს იმის განსაზღვრა, რომელი უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებები ექცევა კონვენციის აღსრულების რეჟიმის ქვეშ და რომელი არა.
რას არეგულირებს I(1) მუხლი?
კონვენციის I(1) მუხლი განსაზღვრავს, თუ რომელ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებებზე ვრცელდება ცნობისა და აღსრულების რეჟიმი.[14]
ეს მუხლი ეხება იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც:
„უცხოურის“ კრიტერიუმი შეიძლება არსებობდეს ორ შემთხვევაში:
ამ დებულების პრაქტიკული მნიშვნელობა დიდია, რადგან სწორედ აქედან იწყება იმის განსაზღვრა, ექცევა თუ არა კონკრეტული საარბიტრაჟო გადაწყვეტილება კონვენციის მოქმედების ქვეშ. მნიშვნელოვანია, სწორად იქნეს გაგებული „საარბიტრაჟო გადაწყვეტილების“ ცნება და მისი უცხოური ან „არაშიდა“ ხასიათი, აგრეთვე როგორ არის ეს საკითხები განმარტებული პრაქტიკაში.
რას აზუსტებს I(2) მუხლი?
I(2) მუხლი განმარტავს, რას მოიცავს ტერმინი „საარბიტრაჟო გადაწყვეტილებები“.[15] კონვენციის მიხედვით, ეს ცნება ვრცელდება არა მხოლოდ კონკრეტული დავისთვის დანიშნული არბიტრების მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებებზე, არამედ მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზეც.
ეს დებულება ისტორიულად კონვენციაში გარკვეული სახელმწიფოების მოთხოვნით შევიდა, თუმცა თანამედროვე პრაქტიკაში მას შედარებით ნაკლები დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვს.
რას ითვალისწინებს I(3) მუხლი?
I(3) მუხლი ხელშემკვრელ სახელმწიფოებს აძლევს შესაძლებლობას, კონვენციის გამოყენების სფერო გარკვეული დათქმებით შეზღუდონ.[16] I(3) მუხლი თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოს ანიჭებს უფლებას, კონვენციის ხელმოწერის, რატიფიკაციის, მიერთების ან მისი გავრცელებისას, I(1) მუხლით განსაზღვრული კონვენციის ტერიტორიული და საგნობრივი მოქმედების სფერო შეზღუდოს.
ნაცვალგების (reciprocity) დათქმა
სახელმწიფოს შეუძლია განაცხადოს, რომ კონვენციას გამოიყენებს მხოლოდ იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც გამოტანილია სხვა ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე.
კომერციული (სავაჭრო ურთიერთობის) დათქმა (commercial reservation)
სახელმწიფოს შეუძლია ასევე განსაზღვროს, რომ კონვენცია გავრცელდება მხოლოდ ისეთ დავებზე, რომლებიც მისი შიდა სამართლის მიხედვით „კომერციულ“ (სავაჭრო) ურთიერთობად ითვლება.
რამდენიმე სახელმწიფომ მართლაც გამოიყენა ეს დათქმები, თუმცა ხელშემკვრელ სახელმწიფოთა რაოდენობის ზრდასთან ერთად მათი მნიშვნელობა თანდათან იკლებს.[17]
საარბიტრაჟო პროცედურის მიმართ მხარეთა შეთანხმების პრიორიტეტი
კონვენცია ასევე ეხება საერთაშორისო არბიტრაჟში გამოყენებულ პროცედურებს, თუმცა - არაპირდაპირ. იგი მკაფიოდ იცავს ერთ ფუნდამენტურ იდეას: მხარეებს შეუძლიათ თავად განსაზღვრონ, როგორ წარიმართოს მათი არბიტრაჟი, და სახელმწიფოებმა, როგორც წესი, ეს არჩევანი უნდა სცნონ. სწორედ ამ არაპირდაპირ, მხარდაჭერას ასახავს კონვენციის II და V(1)(d) მუხლები.[18]
კონვენციის II მუხლი მოქმედებს დავის ადრეულ ეტაპზე - მაშინ, როდესაც ერთ-ერთი მხარე მაინც მიმართავს სახელმწიფო სასამართლოს იმ დავაზე, რომელიც არბიტრაჟზე შეთანხმებას ექვემდებარება. II(1) და II(3) მუხლების ლოგიკა მხოლოდ იმით არ შემოიფარგლება, რომ სასამართლომ „ფორმალურად“ აღიაროს საარბიტრაჟო შეთანხმება. ამ აღიარებას პრაქტიკული შინაარსიც აქვს: სასამართლომ მხარეები უნდა მიმართოს არბიტრაჟისკენ იმ ჩარჩოში, რომელიც მათ თავად შეათანხმეს. ეს მოიცავს არა მხოლოდ შეთანხმებას იმაზე, რომ დავა არბიტრაჟით გადაწყდეს, არამედ შეთანხმებას იმაზეც, რა პროცედურით უნდა წარიმართოს ეს არბიტრაჟი - მაგალითად, რომელი წესებით, რამდენი არბიტრის მონაწილეობით, რომელი ინსტიტუტის ადმინისტრირებით, ან რა ფორმით მოხდეს საქმის წარმოება.
კონვენცია დათქმით უშვებს, რომ ხელშემკვრელმა სახელმწიფოებმა შეზღუდულ და გამონაკლის შემთხვევებში უარი თქვან ასეთი შეთანხმებების ეფექტის მინიჭებაზე, საარბიტრაჟო პროცესის მთლიანობის დაცვის მიზნით, თუმცა სხვა მხრივ იგი მხარეთა პროცედურულ ავტონომიას არ ზღუდავს.[19]
ეს იდეა კიდევ უფრო მკაფიო ფორმით იჩენს თავს V(1)(d) მუხლში, რომელიც უკვე არბიტრაჟის შემდგომ ეტაპს ეხება - კერძოდ, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებას. აღნიშნული დებულების თანახმად, გადაწყვეტილების ცნობა ან აღსრულება შეიძლება უარყოფილ იქნეს, თუ „საარბიტრაჟო ორგანოს შემადგენლობა ან საარბიტრაჟო პროცედურა არ შეესაბამებოდა მხარეთა შეთანხმებას, ხოლო ასეთი შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში - არ შეესაბამებოდა იმ ქვეყნის სამართალს, სადაც არბიტრაჟი ჩატარდა.“
II მუხლთან შედარებით კიდევ უფრო მკაფიოდ, V(1)(d) მუხლი პრიორიტეტს ანიჭებს მხარეთა შეთანხმებას საარბიტრაჟო პროცედურებთან დაკავშირებით და საარბიტრაჟო განხილვის ადგილის (seat) ქვეყნის სამართლის გამოყენებას მხოლოდ სუბსიდიურ/ნაგულისხმევ მექანიზმად განსაზღვრავს - იმ შემთხვევისთვის, როდესაც მხარეებს პროცედურულ საკითხებზე შეთანხმება არ დაუდიათ.[20]
ამ ორი მუხლის ერთად წაკითხვა საშუალებას გვაძლევს, კონვენცია დავინახოთ არა მხოლოდ როგორც უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღსრულების ინსტრუმენტი, არამედ როგორც ტექსტი, რომელიც საერთაშორისო არბიტრაჟის ერთ-ერთ ცენტრალურ პრინციპს - მხარეთა პროცედურულ ავტონომიას - სისტემურად ამყარებს. კონვენცია არ კარნახობს მხარეებს, რა პროცედურა აირჩიონ, მაგრამ მკაფიოდ ამბობს, რომ მათი არჩევანი სამართლებრივად მნიშვნელოვანია და, როგორც წესი, პატივისცემას იმსახურებს. სწორედ ამაშია მისი არაპირდაპირი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი გავლენა საერთაშორისო საარბიტრაჟო პროცესის არქიტექტურაზე.
ნიუ-იორკის კონვენცია საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამართლებრივი ინსტრუმენტია. მისი მნიშვნელობა მხოლოდ იმაში არ გამოიხატება, რომ იგი უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობა-აღსრულებას ამარტივებს. უფრო ფართო გაგებით, კონვენცია ქმნის იმ სამართლებრივ ნდობას, რომლის გარეშეც საერთაშორისო ვაჭრობა და ინვესტირება ბევრად უფრო რთული და ნაკლებად პროგნოზირებადი იქნებოდა.
სწორედ ამიტომ, ნიუ-იორკის კონვენცია დღემდე რჩება იმ დოკუმენტად, რომელიც აერთიანებს არბიტრაჟის ეფექტიანობას, საერთაშორისო სამართლებრივ ერთგვაროვნებას და ბიზნესის პრაქტიკულ ინტერესებს.
[1] United Nations Convention on the Recognition and Enforcement of Foreign Arbitral Awards (New York, 10 June 1958), Article III
[2] ცერცვაძე, გიორგი, საერთაშორისო არბიტრაჟი (შედარებითი ანალიზი), თბილისი, 2008, გვ. 48
[3] https://newyorkconvention1958.org/index.php?lvl=cmspage&pageid=11&menu=576&opac_view=-1
[4] სუსგ, საქმე№ა-2962-შ-77-2025 29 სექტემბერი, 2025 წელი
[5] Convention of 30 June 2005 on Choice of Court Agreements
[6] Convention of 2 July 2019 on the Recognition and Enforcement of Foreign Judgments in Civil or Commercial Matters
[7] Gilles Cuniberti, Signalling the Enforceability of the Forum’s Judgments Abroad, 56 Rivista di diritto internazionale privato e processuale, 2020, pp. 33, 36
[8] Born, Gary B., International Commercial Arbitration Third Edition, Kluwer Law International B.V., The Netherlands, 2021, Para 1.04 [A] [1]
[9] A. van den Berg, The New York Arbitration Convention of 1958 1, 6, 54-55, 168-69, 262-63, 274, 357-58 (1981)
[10] Born, Gary B., International Commercial Arbitration Third Edition, Kluwer Law International B.V., The Netherlands, 2021, Para 1.04 [A] [1] (c)
[11] Liebscher, Christoph, New York Convention: Convention on the Recognition and Enforcement of Foreign Arbitral Awards of 10 June 1958, Preliminary Remarks, in Wolff, Reinmar, ed. New York Convention: Convention on the Recognition and Enforcement of Foreign Arbitral Awards of 10 June 1958: Article-by-Article Commentary. 2nd ed. München; Baden-Baden; Oxford: Bloomsbury Publishing Plc, 2019, p. 4
[12] Born, Gary B., International Commercial Arbitration Third Edition, Kluwer Law International B.V., The Netherlands, 2021, Para 1.04 [A] [1] (c)
[13] ავტორთა ჯგუფი: გიორგი კეკენაძე, სოფიო ტყემალაძე, გზამკვლევი არბიტრაჟში: საქალაქო (რაიონული) სასამართლოს მოსამართლეებისათვის (UNDP Georgia, 2017), გვ. 30
[14] United Nations Convention on the Recognition and Enforcement of Foreign Arbitral Awards (New York, 10 June 1958), Article I (1)
[15] United Nations Convention on the Recognition and Enforcement of Foreign Arbitral Awards (New York, 10 June 1958), Article I (2)
[16] United Nations Convention on the Recognition and Enforcement of Foreign Arbitral Awards (New York, 10 June 1958), Article I (3)
[17] Ehle, Bernd, “Article I [Scope of Application]” in Wolff, Reinmar, ed. New York Convention: Convention on the Recognition and Enforcement of Foreign Arbitral Awards of 10 June 1958: Article-by-Article Commentary. 2nd ed. München; Baden-Baden; Oxford: Bloomsbury Publishing Plc, 2019, p. 28
[18] Born, Gary B., International Commercial Arbitration Third Edition, Kluwer Law International B.V., The Netherlands, 2021, Para 1.04 [A] [1] (c) (iii)
[19] Born, Gary B., International Commercial Arbitration Third Edition, Kluwer Law International B.V., The Netherlands, 2021, Para 1.04 [A] [1] (c) (iii)
[20] Born, Gary B., International Commercial Arbitration Third Edition, Kluwer Law International B.V., The Netherlands, 2021, Para 1.04 [A] [1] (c) (iii)