შანსის გამოყენების ხელოვნება

მოგესალმებით იურიდიული ფირმა “ჯეი ენდ თი” ქონსალთინგის ვებ-გვერდზე. თქვენი დაინტერესება და ის ფაქტი, რომ ახლა ამ ტექსტს კითხულობთ, კარგი შანსია, რომ წარმატებული თანამშრომლობა შედგეს.
დიდ ხანს ვფიქრობდი, რა და როგორ მეთქვა, რომ მაქსიმალურად გულწრფელიც ვყოფილიყავი და საინტერესოც. ჩვენ იურისტები ვართ და, ალბათ, ჩვენზე უკეთ ვერავინ აცნობიერებს, რომ ყოველი არაგულწრფელი სიტყვა შეიძლება ჩვენ წინააღმდეგ იქნეს გამოყენებული და სულაც არ არის აუცილებელი ეს მაინცდამაინც სასამართლოში მოხდეს.
ჩვენი საქმე ბიზნესის იურიდიული მხარდაჭერაა.

რას ამბობენ ხოლმე ასეთ დროს?

ალბათ, ცდილობენ, ყურადღება გამოცდილებაზე, ცოდნაზე, საერთაშორისო კონტაქტებზე, მაღალი ეთიკური სტანდარტებისადმი ერთგულებაზე, საკუთარ გამორჩეულობაზე გაამახვილონ და ამაში არაბუნებრივი არაფერია.დამეთანხმებით, ალბათ, რომ ასეთი ტრივიალური გადაწყვეტა სხვებისგან ჩვენი განსხვავების შესაძლებლობას არ გიტოვებთ. კონკურენცია ამ სფეროში ხომ საკმაოდ მაღალია.
თუ სულ ერთი წამით ამ ტექსტს თვალს მოაშორებთ და მზერას ოდნავ ზევით გადაიტანთ, ჩვენს სლოგანს დაინახავთ.

რა ასოციაცია გაგიჩნდათ? ორიგინალურობას არ ვცდილობ და მთავარი სათქმელიც ეს არის. თქვენ მიერ ჩვენი საქმიანობისადმი გამოვლენილი თუნდაც მცირე ინტერესი - ეს შანსია, მისი გამოყენება კი ხელოვნების დონემდეა აყვანილი. თქვენ მიერ მოცემულ შანსს - დაგეხმაროთ, ჩვენ ვეკიდებით ისე, თითქოს სხვა ასეთი შანსი აღარ იქნება და ამიტომ, უბრალოდ, “იძულებულნი” ვართ გამოვიყენოთ, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს ეს.

თუ ჩვენი სტილი მოგეწონათ, ეს უკვე შანსია, დანარჩენი ხელოვნების საქმეა.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!

პატივისცემით,
გიორგი ცერცვაძე