ICSID და საინვესტიციო არბიტრაჟი: რა უნდა იცოდნენ ინვესტორებმა და სახელმწიფოებმა

21.04.2026

თათია თურაზაშვილი

საერთაშორისო არბიტრაჟი ჩამოყალიბდა როგორც პრაქტიკული პასუხი იმ რეალობაზე, რომ საერთაშორისო ვაჭრობის ზრდასთან ერთად, უფრო ხშირად ჩნდებოდა სახელმწიფოსა და კერძო მხარეს (ინვესტორს) შორის დავები. დროთა განმავლობაში, ნეიტრალური მესამე პირის მონაწილეობით დავის გადაწყვეტა ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან ალტერნატივად იქცა, რადგან ის მხარეებს აძლევს შესაძლებლობას, სასამართლოს გარეთ, შედარებით მოქნილი და სპეციალიზებული პროცედურებით მიაღწიონ შედეგს.[1]

საერთაშორისო ინვესტიციებთან ერთად იზრდება რისკიც, რომ ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის წარმოიშვას დავა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. ასეთ დროს გადამწყვეტია, წინასწარ იყოს გაწერილი დავის გადაწყვეტის მექანიზმი და პროცედურული „რუკა“: სად განიხილება დავა, რა წესებით, რა ენაზე, რა ვადებში და როგორ სრულდება გადაწყვეტილება. სწორედ ამ ლოგიკიდან გამომდინარეა ICSID-ის მნიშვნელობაც, თუმცა მისი გამოყენება პრაქტიკაში ყოველთვის იწყება ერთი ძირითადი საკითხით: მხარეების თანხმობით იურისდიქციაზე.

ამ კონტექსტში მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა მსოფლიო ბანკმა: 1961 წელს ბანკის ხელმძღვანელობამ ოფიციალურად განაცხადა, რომ მუშავდებოდა შეთანხმების პროექტი, რომელიც საერთაშორისო საინვესტიციო დავების გადაწყვეტას არბიტრაჟისა და მორიგების (კონცილიაციის) გზით დაარეგულირებდა. კონვენციის ტექსტზე მუშაობა დაახლოებით სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და 1964 წელს ის მსოფლიო ბანკის წევრ სახელმწიფოებს დასამტკიცებლად წარედგინა. შედეგად, ICSID-ის კონვენციას ხელი მოეწერა 1965 წლის მარტში, ხოლო ოფიციალურად ძალაში შევიდა 1966 წლის 14 სექტემბერს.[2]

ICSID-ის ცენტრი შეიქმნა მას შემდეგ, რაც ძალაში შევიდა 1965 წლის ვაშინგტონის კონვენცია “სახელმწიფოსა და უცხო სახელმწიფოს რეზიდენტებს შორის საინვესტიციო დავების გადაწყვეტის შესახებ”[3]. დღეს ICSID მსოფლიო მასშტაბით ინვესტორ-სახელმწიფოს შორის არსებულ საინვესტიციო დავების დაახლოებით 65%-ს განიხილავს.[4]

ICSID-ის კონვენციამ განსაკუთრებით დიდი აღიარება მოიპოვა 1990-იან წლებში. ეს პერიოდი დაემთხვა საბჭოთა კავშირსა და აღმოსავლეთ ევროპაში კომუნისტური რეჟიმების დაშლას და ამ ქვეყნების საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლას, რამაც უცხოური ინვესტიციების ზრდა და შესაბამისად, ინვესტიციური დავების რაოდენობის მატებაც გამოიწვია.[5] დღესდღეობით 900-ზე მეტი ორმხრივი და მრავალმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულება შეიცავს დებულებას, რომლის მიხედვითაც ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის დავის შემთხვევაში დავა უნდა გადაწყდეს ICSID-ის წესების შესაბამისად.[6] 2026 წლის აპრილის მდგომარეობით,  ხელი მოაწერა 166 სახელმწიფომ, ხოლო 158 სახელმწიფომ მოახდინა მისი რატიფიცირება.[7]

კონვენცია დავის გადაწყვეტის სამ ძირითად მექანიზმს აწესებს: მორიგებას (კონსილაციას), არბიტრაჟს და სხვადასხვა დამატებით/დამხმარე პროცედურებს.[8]

ამასთან, აღნიშნული შეთანხმება არ განსაზღვრავს უცხოელი ინვესტორების უფლებებს, მათთვის მოქმედ კრიტერიუმებს ან გარანტიებს, რომლებიც მათი კაპიტალის დაცვას შეეხება. კონვენციის როლი უცხოური ინვესტიციების დაცვის კონტექსტში გამოიხატება იმაში, რომ იგი ამკვიდრებს ერთიან და სტანდარტიზებულ წესებს ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის დავების გადასაჭრელად. ინვესტორების უფლებებსა და კაპიტალის დაცვის გარანტიებს, როგორც წესი, განსაზღვრავს ორმხრივი და მრავალმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულებები, რომლებიც ასევე ადგენს ცენტრის (ICSID-ის) იურისდიქციას/უფლებამოსილებას დავის წარმოშობის შემთხვევაში.[9]

უცხოელ ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის დავების გადაწყვეტისთვის საერთაშორისო მექანიზმების არსებობა თანამედროვე საინვესტიციო სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიღწევად მიიჩნევა. კონვენციის ფარგლებში მორიგებისა და არბიტრაჟის პროცედურებით საინვესტიციო დავის განხილვის დროს გამოყენებისთვის ინვესტორმა, ამა თუ იმ ეტაპზე, უნდა გამოხატოს თანხმობა ICSID-ის ცენტრის იურისდიქციაზე (ანუ დაექვემდებაროს ცენტრის იურისდიქციას).[10]

ICSID-ის ცენტრის იურისდიქციაზე გაცემული თანხმობა შეუქცევადია და მოგვიანებით მისი ცალმხრივად გაუქმება ან გაწვევა შეუძლებელია. ეს პრინციპი ასახულია კონვენციის პრეამბულაშიც და წარმოადგენს მისი მოქმედების ერთ-ერთ საკვანძო საფუძველს. პრაქტიკულად, ეს ნიშნავს, რომ იურისდიქციაზე უარის თქმა მხოლოდ ორივე მხარის თანხმობით არის შესაძლებელი. ცენტრის იურისდიქციის შეწყვეტა ან გაუქმება ხდება მხოლოდ გამონაკლის, განსაკუთრებულ შემთხვევებში.[11]

თეორიულად შესაძლებელია ICSID-ის იურისდიქციაზე შეთანხმება დავის შემდეგაც, თუმცა, მხარეები, როგორც წესი, უპირატესობას ანიჭებენ წინასწარ შეთანხმებას (pre-dispute consent), ანუ იურისდიქციის საკითხის წინასწარ მოწესრიგებას ხელშეკრულებით ან შესაბამისი დებულებით.[12]

საერთაშორისო ინვესტორებისთვის დამატებითი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ICSID-ის არბიტრაჟის გადაწყვეტილებები ექვემდებარება სავალდებულო აღსრულებას, რაც ინვესტორისთვის უზრუნველყოფს დაცვის მაღალ დონეს.

მიუხედავად იმისა, რომ ინვესტიციის ცნება ICSID-ის არბიტრაჟისთვის არსებითი მნიშვნელობისაა, იგი ICSID-ის კონვენციაში განსაზღვრული არ არის. შესაბამისად, თუ კონკრეტულ საქმეში დადგინდება, რომ საქმე ეხება უცხოურ ინვესტიციას, ინვესტორს შეუძლია არბიტრაჟის გზით მოითხოვოს კომპენსაცია იმ შეზღუდვებისთვის/ჩარევისთვის, რომლებმაც ინვესტიცია დააზარალა.[13]

კონვენციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ ცენტრის იურისდიქცია ვრცელდება ნებისმიერ სამართლებრივ დავაზე, რომელიც პირდაპირ წარმოიშობა ინვესტიციიდან გამომდინარე, და რომელიც არსებობს კონვენციის მონაწილე სახელმწიფოსა და სხვა მონაწილე სახელმწიფოს მოქალაქეს შორის, იმ პირობით, რომ მხარეებმა წერილობით განაცხადეს თანხმობა, დავა ცენტრს გადაეცეს.[14]

ამგვარად, კონვენცია ცენტრის იურისდიქციის „ამოქმედებას“ აკავშირებს ინვესტიციის არსებობასთან, თუმცა თავად ინვესტიციის შინაარსს არ განმარტავს. ICSID-ის შექმნისას ინვესტიციის ცნების ირგვლივ ფართო დისკუსია მიმდინარეობდა, თუმცა საბოლოოდ კონვენციამ იგი ღიად დატოვა.[15]

შედეგად, ინვესტიციის განსაზღვრა, ძირითადად, ეკისრებათ მონაწილე მხარეებს: ისინი ამ ცნებას აფორმებენ ორმხრივ და მრავალმხრივ საინვესტიციო ხელშეკრულებებში, ხოლო შემდგომში არბიტრაჟის ტრიბუნალი სწორედ ამ შეთანხმებებითა და მათი დებულებებით ხელმძღვანელობს.[16]

ICSID-ის კონვენციის ფარგლებში მოქმედმა არბიტრაჟის ტრიბუნალებმა დროთა განმავლობაში ჩამოაყალიბეს ისეთი სტანდარტები, რომლებიც „ინვესტიციის“ ცნების ტიპურ ნიშნებად მიიჩნევა. ამ კონტექსტში ხშირად მოიხსენიებენ „Salini-ს ტესტს“[17], რომელიც ინვესტიციასთან დაკავშირებულ ოთხ ძირითად ელემენტს გამოყოფს:

1) მნიშვნელოვანი (კონკრეტული) წვლილი/კონტრიბუცია;

2) გარკვეული ხანგრძლივობა (ოპერაციის/პროექტის დროითი განზომილება);

3) რისკის არსებობა;

4) მასპინძელი სახელმწიფოს განვითარების ხელშეწყობა.

Salini-ს ტესტს ერთგვაროვანი შეფასება არ აქვს: იგი გამოყენებულია რიგ ICSID-ის საქმეებში და ზოგიერთ შემთხვევაში არა-ICSID დავებშიც. ამასთან, სხვა ტრიბუნალებმა უარყვეს მისი გამოყენებადობა საქმეებში და მიიჩნიეს, რომ აღნიშნული მიდგომა უნივერსალურ წესად ვერ გადაიქცევა.[18]

Salini-ის ტესტი პრობლემურიც შეიძლება გახდეს, თუ, როგორც ცალკეულმა ტრიბუნალებმა აღნიშნეს, „ტიპური ნიშნები“ პრაქტიკაში გადაიქცევა მყარ და სავალდებულო წინაპირობებად, და თითქოს ნაგულისხმევად ჩაითვლება, რომ ტრანზაქცია ICSID-ის კონვენციის მოქმედების ფარგლებს მიღმაა, თუ თითოეული კრიტერიუმი არ კმაყოფილდება. მაგალითად, საქმეში Biwater Gauff v. Tanzania ტრიბუნალმა მიუთითა, რომ ასეთი „დამკვიდრებული და მკაცრი ტესტის“ მიდგომამ შეიძლება გარკვეული ტიპის გარიგებები არამართლზომიერად და თვითნებურად გამორიცხოს კონვენციის მოქმედების სფეროდან.[19]

შედეგად, სწორია იმის თქმა, რომ ინვესტიციას ერთიანი, უნივერსალური განმარტება არ აქვს. „ინვესტიციის“ შინაარსს დიდწილად თავად მხარეები განსაზღვრავენ, მათ შეუძლიათ წინასწარ დააფიქსირონ, რა კრიტერიუმებს მიიჩნევენ არსებითად საერთაშორისო საინვესტიციო ხელშეკრულებაში (ორმხრივ/მრავალმხრივ შეთანხმებაში) ან კონკრეტულ საინვესტიციო ხელშეკრულებაში (კონტრაქტში), რომელსაც ინვესტორი სახელმწიფოსთან/მთავრობასთან აფორმებს.

საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს უცხოური კაპიტალის მოზიდვა და მისი გამოყენება ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისთვის. პრაქტიკაში, 2000-იანი წლების პირველი დეკადის ბოლოსკენ საქართველოში მნიშვნელოვნად გააქტიურდა მსხვილი საერთაშორისო ინვესტიციების შემოდინება, რასაც ხელს უწყობდა ინტერესზე და წახალისებაზე დაფუძნებული საინვესტიციო სტრატეგია. ცხადია, კონკრეტულ ქვეყანაში ინვესტირებისადმი უცხოელი ინვესტორების ინტერესი და მზაობა დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე.[20]

ICSID-ის სისტემის მთავარი იდეა მარტივია: ინვესტორ-სახელმწიფოს დავებში შედეგი ხშირად დამოკიდებულია არა მხოლოდ “საქმის შინაარსზე”, არამედ იმაზე, როგორ და სად განიხილება დავა. რადგან „ინვესტიციის“ ცნება კონვენციაში პირდაპირ არ არის განმარტებული და პრაქტიკა (მათ შორის Salini-ის მიდგომა) დინამიკურად ვითარდება, საუკეთესო სტრატეგიაა წინასწარ სწორი დებულება, მკაფიო იურისდიქციული საფუძველი და კარგად გაწერილი პროცედურული ჩარჩო. ამით ინვესტორი და სახელმწიფოც ამცირებენ გაურკვევლობას, ზრდიან პროგნოზირებადობას და რეალურად ზოგჯერ თავიდანაც იცილებენ ხანგრძლივ დავას.

 

[1] Greenberg S., Kee C., Weeramantry J. R., International Commercial Arbitration, an Asia–Pacific Perspective, Cambridge University Press, 2011, p 6.

[2] Sabahi B., Rubins N., Wallace D., Investor-State-Arbitration, 2nd Edition, Oxford University Press, 2019, pp. 51-52.

[3] Convention on the Settlement of Investment Disputes Between States and Nationals of Other States, Washington, 18 March, 1965. <https://icsid.worldbank.org/sites/default/files/ICSID_Convention_EN.pdf

[4] Sabahi B., Rubins N., Wallace D., Investor-State-Arbitration, 2nd Edition, Oxford University Press, 2019, p. 52.

[5] Convention on the Settlement of Investment Disputes Between States and Nationals of Other States, Washington, 18 March, 1965. <https://icsid.worldbank.org/sites/default/files/ICSID_Convention_EN.pdf

[6] Convention on the Settlement of Investment Disputes Between States and Nationals of Other States, Washington, 18 March, 1965. <https://icsid.worldbank.org/sites/default/files/ICSID_Convention_EN.pdf

[7] Convention on the Settlement of Investment Disputes Between States and Nationals of Other States, Washington, 18 March, 1965. <https://icsid.worldbank.org/sites/default/files/ICSID_Convention_EN.pdf

[8] Tietje C., International Investment Protection and Arbitration, Theoretical and Practical Perspectives, Berliner Wissenschafts-Verlag, 2008, p 23.

[9] Onwuamaegbu U., International Dispute Settlement Mechanisms-Choosing Between Institutionally Supported and Ad Hoc; and Between Institutions, in Arbitration Under International Investment Agreements, A guide to the Key issues, Edited By Katia Yannaca-Small, Oxford University Press, 2010, pp.65-68

[10] Banifatemi Y., Edson E., Jurisdiction of the Centre in The ICSID Convention, Regulations and Rules A Practical Commentary, edited by Julien Fouret, Remy Gerbay, Gloria M. Alvarez, Edward Elgar Publishing, 2019, p 102.

[11] Banifatemi Y., Edson E., Jurisdiction of the Centre in The ICSID Convention, Regulations and Rules A Practical Commentary, edited by Julien Fouret, Remy Gerbay, Gloria M. Alvarez, Edward Elgar Publishing, 2019, p 147.

[12] Waibel M., Investment Arbitration: Jurisdiction and Admissibility, in International Investment Law, edited by edited by Prof. Dr. Marc Bungenberg (LL. M.), Prof. Dr. Jörn Griebel (D.E.S.), Prof. Dr. Stephan Hobe (LL. M.), Prof. MMag. Dr. August Reinisch (LL. M.); Yun-I Kim (ass. ed.), Hart Publishing, 2015, pp. 1224-1225.

[13] Ghouri A. A., Resolving Incompatibilities of Bilateral Investment Treaties of the EU Member States with the EC Treaty: Individual and Collective Options, European Law Journal, Vol. 16, No. 6, November 2010, p. 497

[14] Convention on the Settlement of Investment Disputes Between States and Nationals of Other States, Washington, 18 March, 1965, Article 25

[15] Dolzer R., Kriebaum U., Schreuer, C., Principles of International Investment Law, Third Edition, Oxford, Oxford University Press, 2022, p 65.

[16] Dolzer R., Kriebaum U., Schreuer, C., Principles of International Investment Law, Third Edition, Oxford, Oxford University Press, 2022, p 65.

[17] Salini Costruttori S.p.A. and Italstrade S.p.A. v. Kingdom of Morocco, ICSID Case No. ARB/00/4

[18] Dolzer R., Kriebaum U., Schreuer, C., Principles of International Investment Law, Third Edition, Oxford, Oxford University Press, 2022, pp. 91-95

[19] Dolzer R., Kriebaum U., Schreuer, C., Principles of International Investment Law, Third Edition, Oxford, Oxford University Press, 2022, pp. 95

[20] Parliament Memorandum 500 Georgia, L.P., report on participation in a venture investment fund, Dated 2023