კომპანიის მმართველი პარტნიორის ვიზიტი აშშ-ში JAMS-ის პროგრამის ფარგლებში

09.11.2016

2016 წლის სექტემბერსა და ოქტომბრის პირველ ნახევარში “ჯეი ენდ თი ქონსალთინგის” მმართველი პარტნიორი გიორგი ცერცვაძე დავების გადაწყვეტის სფეროში უმსხვილესი ამერიკული კომპანიის JAMS (Judiciary Arbitration Mediation Services) მიწვევითა და ფინანსური მხარდაჭერით აშშ-ში იმყოფებოდა. 

პროგრამა ითვალისწინებდა დავის ალტერნატიული გადაწყვეტის (უპირატესად არბიტრაჟისა და მედიაციის) სფეროში უმსხვილესი ამერიკული ცენტრების მუშაობის შესწავლასა და ამ ცენტრების წარმომადგენლებთან საქმიანი კონტაქტების დამყარებას. პროგრამით ასევე გათვალისწინებული იყო ინტენსიური ტრენინგები და პრაქტიკული კომპონენტი, რაც დავის ალტერნატიული გადაწყვეტის გამოყენების ამერიკული სტილის უკეთ შესწავლასა და ათვისებას ისახავდა მიზნად. 

გიორგი დაახლოებით თვენახევრის განმავლობაში, განსხვავებული ვადებითა და ფორმატით იმყოფებოდა JAMS სან ფრანცისკოსა და ბოსტონის ოფისებში, ასევე ჰარვარდის, სტენფორდისა და პეპერდაინის უნივერსიტეტების სამართლის სკოლებსა და ამ სკოლებთან არსებულ დავის გადაწყვეტის ცენტრებში. 

ვიზიტის ფარგლებში გამართული მრავალრიცხოვანი შეხვედრები და დისკუსიები ძირითადად დაეთმო დავის ალტერნატიული გადაწყვეტის საშუალებებს  ბიზნესის განვითარების პერსპექტივებისა და შესაძლებლობების კუთხით საქართველოში. შეხვედრებზე გაჟღერებული იქნა “ჯეი ენდ თი ქონსალთინგის” განზრახვა შეიქმნას საქართველოში პირველი მედიაციის ცენტრი კერძო საწყისებზე, რომელიც ქართულ ბიზნესს სრულიად ახალ და განსხვავებულ სერვისებს შესთავაზებს.

ვიმედოვნებთ, ეს შეხვედრები თავის შედეგს უკვე მომავალი წლიდან გამოიღებს და “ჯეი ენდ თი ქონსალთინგის” მიერ შემუშავებული და დანერგილი ახალი ფორმატი მნიშვნელოვნად დაზოგავს ჩვენი კლიენტების დროს, ფულსა და ადამიანურ რესურსებს.