საქართველოს სამართლებრივი ჩარჩო უცხოელი ინვესტორებისთვის: პრაქტიკული გზამკვლევი

03.04.2026

1. შესავალი 

საქართველო ხშირად განიხილება, როგორც რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ღია ბაზარი უცხოელი ინვესტორებისთვის. კომპანიის სწრაფი რეგისტრაცია, ბაზარზე ფართო წვდომა და არბიტრაჟის ძლიერი მექანიზმები ქვეყანას მიმზიდველს ხდის. ამასთანავე, ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანია წინასწარ გაიაზრონ სამართლებრივი სტრუქტურა, სექტორული შეზღუდვები და დავების გადაწყვეტის მექანიზმები ბაზარზე შესვლამდე.

UNCTAD-ის 2024 წლის ანგარიშის მიხედვით( World Investment Report 2024,) 2023 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1.59 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, ხოლო ჯამურმა დაგროვილმა ინვესტიციებმა დაახლოებით 24.35 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 79.8%-ს უტოლდება. აღნიშნული მონაცემები ნათლად მიუთითებს უცხოური კაპიტალის მნიშვნელოვან როლზე საქართველოს ეკონომიკაში. ქვეყანა აგრძელებს დივერსიფიცირებული საინვესტიციო ნაკადების მოზიდვას, განსაკუთრებით ფინანსური მომსახურების, ტრანსპორტის, უძრავი ქონებისა და წარმოების სექტორებში.

უცხოური ინვესტიციები საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს. შესაბამისად, სამართლებრივი სტრუქტურა ჩამოყალიბდა იმგვარად,  რომ მინიმუმამდე დაყვანილი ყოფილიყო რეგულაციური შეზღუდვები, უზრუნველყოფილიყო ინვესტორების მიმართ თანაბარი მოპყრობა და შექმნილიყო ეფექტიანი დაცვის მექანიზმები, მათ შორის საერთაშორისო არბიტრაჟზე წვდომა.

წინამდებარე ბლოგი მიმოიხილავს საქართველოს საინვესტიციო რეჟიმის ძირითად ასპექტებს, სამართლებრივ სტრუქტურაზე, ინვესტორთა დაცვის მექანიზმებსა და ბაზარზე შესვლის პრაქტიკულ საკითხებზე ყურადღების გამახვილებით.

2. უცხოური ინვესტიციების მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩო

2.1 ძირითადი საინვესტიციო კანონმდებლობა

უცხოური ინვესტიციების რეგულირების ძირითადი სამართლებრივი აქტი არის საქართველოს კანონი „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ (1996). იგი ინვესტიციას ფართოდ განსაზღვრავს და მოიცავს მატერიალურ და არამატერიალურ აქტივებს, ინტელექტუალურ საკუთრებასა და ფინანსურ ინსტრუმენტებს, აგრეთვე ადგენს უცხოელი ინვესტორების სამართლებრივ სტატუსსა და მათთვის მინიჭებულ გარანტიებს.

აღნიშნული კანონი ასახავს საქართველოს ლიბერალურ მიდგომას საინვესტიციო რეგულირებისადმი და ეყრდნობა ზოგად სამართლებრივ გარანტიებს, ვიდრე დეტალურ რეგულაციურ შეზღუდვებს.

ამასთან, საინვესტიციო სამართლებრივი ჩარჩო არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი კანონით. იგი დამატებით რეგულირდება სხვა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო აქტებით, რომლებიც არეგულირებენ ბიზნესსაქმიანობასა და ბაზარზე წვდომას, მათ შორის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, „მეწარმეთა შესახებ“ კანონითა და საქართველოს საგადასახადო კოდექსით.

2.2 ეროვნული მოპყრობის პრინციპი

საქართველოს საინვესტიციო სამართლის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს ეროვნული მოპყრობის პრინციპი. აღნიშნული პრინციპი პირდაპირ არის დადგენილი „ინვესტიციების ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის (1996) 3(1) მუხლით, რომლის თანახმადაც, უცხოელი ინვესტორების უფლებები და გარანტიები არ უნდა იყოს უფრო ნაკლებად ხელსაყრელი, ვიდრე საქართველოს ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის მინიჭებული უფლებებიდა გარანტიები.

პრაქტიკაში, ეს ნიშნავს, რომ უცხოელი ინვესტორები მოქმედებენ ძირითადად იმავე სამართლებრივ პირობებში, როგორც ადგილობრივი ინვესტორები, თანაბარი უფლებებითა და შესაბამისი ვალდებულებებით.

აღნიშნული პრინციპი უზრუნველყოფს არადისკრიმინაციულ მოპყრობას ბაზარზე წვდომისას, ეკონომიკურ საქმიანობაში თანასწორ მონაწილეობას და პროგნოზირებადი სამართლებრივი გარემოს არსებობას. ასევე, იგი აახლოებს საქართველოს საინვესტიციო რეჟიმს OECD-ის სტილის მოდელთან, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა აღნიშნული ორგანიზაციის წევრი არ არის.

2.3 სამართლებრივი განსაზღვრულობა და საკანონმდებლო ცვლილებებისგან დაცვა

ზოგიერთი იურისდიქციისგან განსხვავებით, საქართველო არ ითვალისწინებს ზოგად საკანონმდებლო სტაბილიზაციის მექანიზმს, რომელიც უზრუნველყოფდა ინვესტიციის განხორციელების მომენტში მოქმედი სამართლებრივი რეჟიმის უცვლელობას. თუმცა, სამართლებრივი განსაზღვრულობის გარკვეული დონე უზრუნველყოფილია შიდა კონსტიტუციური გარანტიებისა და საერთაშორისო სამართლებრივი დაცვის ერთობლიობით.

ეროვნული გარანტიები: ეროვნულ დონეზე, საქართველოს კონსტიტუცია იცავს საკუთრების უფლებას, კრძალავს საკუთრების უკანონო ჩამორთმევას და ითვალისწინებს კომპენსაციას საკუთრების ჩამორთმევის შემთხვევაში. აღნიშნული გარანტიები ხელს უწყობს სტაბილური სამართლებრივი გარემოს ჩამოყალიბებას, თუმცა არ ზღუდავს სახელმწიფოს უფლებას შეცვალოს ზოგადი მოქმედების კანონმდებლობა.

საერთაშორისო გარანტიები: საერთაშორისო დონეზე, ინვესტორთა დაცვა გაძლიერებულია ორმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულებებით (BITs) და სხვა საერთაშორისო ინსტრუმენტებით. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სამართლიანი და თანასწორი მოპყრობის (FET) სტანდარტს, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგულაციური რისკების შემცირებაში. საარბიტრაჟო პრაქტიკაში ეს სტანდარტი განიმარტება ისე, რომ მოიცავს ინვესტორთა ლეგიტიმური მოლოდინების დაცვას, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც მასპინძელმა სახელმწიფომ გასცა კონკრეტული გარანტიები.

პრაქტიკული შედეგი: პრაქტიკული თვალსაზრისით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობა მკაცრი გაგებით არ „ყინავს“ სამართლებრივ რეჟიმს, უცხოელ ინვესტორებს შეუძლიათ დაეყრდნონ კონსტიტუციურ დაცვას, საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ გარანტიებს და საერთაშორისო არბიტრაჟის მექანიზმებზე წვდომას, მათ შორის ნიუ-იორკის კონვენციის ფარგლებში.

3. კონსტიტუციური და საერთაშორისო სამართლებრივი გარანტიები

3.1 საკუთრების კონსტიტუციური დაცვა

საქართველოს კონსტიტუცია უზრუნველყოფს:

  • საკუთრების უფლების ხელშეუხებლობას;

  • საკუთრების უკანონო ჩამორთმევისგან დაცვას;

  • ექსპროპრიაციის შემთხვევაში შესაბამის კომპენსაციას.

აღნიშნული გარანტიები წარმოადგენს ინვესტორთა დაცვის უმაღლეს დონეს შიდა სამართალში.

3.2 საერთაშორისო საინვესტიციო შეთანხმებები

საქართველო არის საერთაშორისო საინვესტიციო შეთანხმებების ფართო ქსელის მხარე, მათ შორის დაახლოებით 40 ორმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულების (BITs), რომელთა უმეტესობა ამჟამად ძალაშია, აგრეთვე არაერთი მრავალმხრივი შეთანხმების, რომლებიც შეიცავს საინვესტიციო დებულებებს.

აღნიშნულ შეთანხმებებს შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ენერგეტიკული ქარტიის ხელშეკრულება, ICSID-ის კონვენცია და ნიუ-იორკის კონვენცია. ერთობლივად, ეს ინსტრუმენტები ინვესტორებს უზრუნველყოფს არსებითი სამართლებრივი დაცვის მექანიზმებით, მათ შორის სამართლიანი და თანასწორი მოპყრობის (FET) სტანდარტით და ექსპროპრიაციისგან დაცვით, აგრეთვე ინვესტორი-სახელმწიფოს დავების გადაწყვეტის (ISDS) მექანიზმებზე წვდომით.

4. ბაზარზე წვდომა და საინვესტიციო პირობები

4.1 ეკონომიკის ზოგადი გახსნილობა

საქართველო ხასიათდება ლიბერალურ ბაზარზე წვდომის მარალი ხარისხით, რომლის ფარგლებში:

  • უმეტეს სექტორებში დასაშვებია უცხოური კაპიტალის 100%-იანი მონაწილეობა;

  • არ არსებობს უცხოური ინვესტიციების ზოგადი სკრინინგის მექანიზმი;

  • კაპიტალის მოძრაობა თავისუფალია.

აღნიშნული მიდგომა მნიშვნელოვნად განასხვავებს საქართველოს იმ იურისდიქციებისგან, სადაც მოქმედებს უცხოური ინვესტიციების კონტროლის ან ეროვნული უსაფრთხოების საფუძველზე სკრინინგის რეჟიმები.

4.2 სექტორული შეზღუდვები

ლიბერალური მიდგომის მიუხედავად, გარკვეული შეზღუდვები მაინც არსებობს:

() სასოფლო-სამეურნეო მიწა

სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრება ექვემდებარება კონსტიტუციურ და საკანონმდებლო შეზღუდვებს. პრაქტიკაში, უცხოელ ინვესტორებს ხშირად მოეთხოვებათ:

  • საქართველოში იურიდიული პირის შექმნა, ქართული წილის უმრავლესობით;

  • სპეციალური რეგულაციური მოთხოვნების დაკმაყოფილება;

  • ან საკუთრების შეძენა კანონით განსაზღვრული გამონაკლისების ფარგლებში.

() სტრატეგიული სექტორები

განსაკუთრებულ რეგულირებას ექვემდებარება საქმიანობები, რომლებიც დაკავშირებულია:

  • თავდაცვასა და ეროვნულ უსაფრთხოებასთან;

  • ენერგეტიკასა და ბუნებრივ რესურსებთან;

  • ტელეკომუნიკაციებთან და მაუწყებლობასთან;

  • საბანკო და ფინანსურ სექტორთან;

  • საშიში ნივთიერებების ბრუნვასთან.

ამ სფეროებში უცხოელი ინვესტორების საქმიანობა დასაშვებია, თუმცა ექვემდებარება შესაბამის ლიცენზირებასა და რეგულაციურ მოთხოვნებს.

5. საკუთრების უფლებები და უძრავი ქონების რეჟიმი

საქართველოში მოქმედებს საკუთრების ლიბერალური და ხელმისაწვდომი სისტემა:

  • უცხოელ ინვესტორებს შეუძლიათ თავისუფლად შეიძინონ არასასოფლო-სამეურნეო უძრავიქონება;

  • ქონების რეგისტრაცია სწრაფი და გამჭვირვალეა;

  • საკუთრების უფლება მაღალი ხარისხით არის დაცული.

ამ პროცესში ცენტრალურ როლს ასრულებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომელიც უზრუნველყოფს:

  • სამართლებრივ სიზუსტეს;

  • გამჭვირვალობას;

  • საკუთრების უფლებების ეფექტიან დაცვას.

6. კორპორაციული და კომერციული სამართლებრივი ჩარჩო

6.1 ბიზნესის სამართლებრივი ფორმები

უცხოელი ინვესტორები, როგორც წესი, საქმიანობენ შემდეგი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმებით:

  • შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს);

  • სააქციო საზოგადოება (სს);

  • ფილიალი ან წარმომადგენლობა.

პრაქტიკაში ყველაზე გავრცელებულია შპს, მისი:

  • მოქნილობის;

  • შეზღუდული პასუხისმგებლობის;

  • მინიმალური კაპიტალის მოთხოვნების გამო.

6.2 რეგისტრაციის სიმარტივე

საქართველოში კომპანიის რეგისტრაცია ხასიათდება:

  • სწრაფი პროცედურებით (ხშირად ერთ სამუშაო დღეში);

  • დაბალი ადმინისტრაციული ხარჯებით;

  • მინიმალური ბიუროკრატიული ბარიერებით.

მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, საქართველო სტაბილურად იკავებს ერთ-ერთ წამყვან პოზიციას ბიზნესის კეთების სიმარტივის თვალსაზრისით და უახლესი ხელმისაწვდომი რეიტინგით (190 ეკონომიკიდან) მე-7 ადგილზე იმყოფება. ადმინისტრაციული პროცედურების გამარტივებაზე მიმართული რეფორმების შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა ბიზნესის დაწყებისთვის საჭირო დრო, რომელიც დაახლოებით 1–2 დღეს შეადგენს და მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება როგორც რეგიონულ, ისე გლობალურ საშუალო მაჩვენებლებს.

უახლესი შეფასებების თანახმად (B-READY 2024), საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან სამეულშია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ქვეყნის ბიზნესგარემოს ეფექტიანობას. აღნიშნული ფაქტორები მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს, როგორც ბიზნესისთვის ხელსაყრელი იურისდიქციის, ძლიერ პოზიციონირებაში და ხელს უწყობს უცხოელი ინვესტორებისთვის ბაზარზე სწრაფ შესვლას.

7. საგადასახადო და ფინანსური რეგულირება

საქართველოს საგადასახადო სისტემა საერთაშორისო დონეზე ერთ-ერთ კონკურენტუნარიანად ითვლება.

7.1 ძირითადი მახასიათებლები:

  • მოგების გადასახადი - 15% (ვრცელდება ძირითადად განაწილებულ მოგებაზე);

  • რეინვესტირების მხარდამჭერი მოდელი (ესტონური მოდელის ანალოგი);

  • ტერიტორიული დაბეგვრის ელემენტები გარკვეულ შემთხვევებში.

7.2 სტიმულირების მექანიზმები

სახელმწიფო ინვესტორებს სთავაზობს:

  • თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებს;

  • საგადასახადო შეღავათებს კონკრეტული სექტორებისთვის;

  • ფინანსურ მხარდაჭერას სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში.

აღნიშნული მექანიზმები მიზნად ისახავს შემდეგი სფეროების განვითარებას:

  • წარმოება;

  • ლოგისტიკა;

  • ტექნოლოგიური სექტორი.

8. საინვესტიციო ინსტიტუციური ჩარჩო

8.1 ინვესტიციების ხელშეწყობა

ინვესტიციების ხელშეწყობის მთავარი ინსტიტუციაა:

  • „აწარმოე საქართველოში“

მისი ფუნქციებია:

  • უცხოური საინვესტიციო პროექტების მხარდაჭერა;

  • ფინანსური წახალისების მექანიზმების შეთავაზება;

  • კომუნიკაციის უზრუნველყოფა ინვესტორებსა და სახელმწიფო ორგანოებს შორის.

8.2 მარეგულირებელი ორგანოები

ძირითადი ინსტიტუტებია:

  • საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;

  • შემოსავლების სამსახური;

  • საქართველოს ეროვნული ბანკი.

აღნიშნული ორგანოები უზრუნველყოფენ:

  • რეგულაციების შესრულებას;

  • ფინანსურ ზედამხედველობას;

  • ადმინისტრაციული პროცესების ეფექტიანობას.

9. დავების გადაწყვეტა და არბიტრაჟი

9.1 შიდა სამართლებრივი მექანიზმები

ინვესტორებს შეუძლიათ გამოიყენონ:

  • საქართველოს სასამართლოები;

  • ადმინისტრაციული დავების გადაწყვეტის მექანიზმები.

თუმცა, რთულ და მაღალღირებულებიან დავებში შეიძლება წარმოიშვას გამოწვევები, რომლებიცუკავშირდება:

  • სასამართლოების ეფექტიანობას;
  • გადაწყვეტილებების თანმიმდევრულობას.

9.2 საერთაშორისო არბიტრაჟი

  • საქართველო მკაფიოდ უჭერს მხარს არბიტრაჟს:

  • აღიარებს საარბიტრაჟო შეთანხმებებს;

  • უზრუნველყოფს უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღსრულებას;

  • იძლევა წვდომას ICSID-ისა და UNCITRAL-ის არბიტრაჟზე.

  • საქართველოს მიერ საერთაშორისო კონვენციების, მათ შორის ICSID-ის კონვენციისა და New York Convention-ის აღიარება უზრუნველყოფს როგორც დავების საერთაშორისო დონეზე გადაწყვეტისშესაძლებლობას, ისე მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებადობას.

  • პრაქტიკაში, საერთაშორისო არბიტრაჟი ხშირად წარმოადგენს უპირატეს მექანიზმს უცხოელი ინვესტორებისთვის, განსაკუთრებით მსხვილ და ინფრასტრუქტურულ პროექტებში.

10. რისკების შეფასება და პრაქტიკული ასპექტები

10.1 სამართლებრივი ჩარჩოს უპირატესობები:

  • ლიბერალური საინვესტიციო რეჟიმი;

  • ძლიერი ფორმალური სამართლებრივი გარანტიები;

  • საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა;

  • ეფექტიანი ადმინისტრაციული პროცედურები.

10.2 სისტემური გამოწვევები

  • რეგულაციური გარემოს დინამიკურობა;

  • სექტორული შეზღუდვები (განსაკუთრებით მიწასთან დაკავშირებით);

  • ინსტიტუციურ ეფექტიანობაზე დამოკიდებულება.

  • განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასამართლო პრაქტიკის პროგნოზირებადობა და გადაწყვეტილებების თანმიმდევრულობა, რაც მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს უცხოელი ინვესტორებისთვის.

11. შედარებითი და ანალიტიკური შეფასება

  • მეზობელ იურისდიქციებთან შედარებით:

  • საქართველო გამოირჩევა უფრო ლიბერალური ბაზარზე წვდომით სომხეთთან შედარებით;

  • სთავაზობს უფრო მარტივ რეგულაციურ გარემოს, ვიდრე თურქეთი;

  • თუმცა შესაძლოა ჩამორჩებოდეს ევროკავშირის ქვეყნებს ინსტიტუციური განვითარების და აღსრულების სტაბილურობის მხრივ.

  • შედეგად, იქმნება ჰიბრიდული მოდელი —

    მაღალი მიმზიდველობა ბაზარზე შესვლისთვის, თუმცა საჭიროებს სათანადო სამართლებრივდაგეგმვას რისკების მართვის მიზნით

12. დასკვნა

  • პრაქტიკული თვალსაზრისით, საქართველო წარმოადგენს იურისდიქციას, რომელიც აერთიანებს ბაზარზე შესვლის სიმარტივესა და ფორმალურად ძლიერ სამართლებრივ დაცვას. ამასთან,ინვესტორებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია საინვესტიციო საქმიანობის საწყის ეტაპზევესათანადო სამართლებრივი სტრუქტურირება და დავების გადაწყვეტის მექანიზმების წინასწარ განსაზღვრა.

  • საქართველოს საინვესტიციო სამართლებრივი ჩარჩო წარმოადგენს მიზანმიმართულად ლიბერალურ და ინვესტორზე ორიენტირებულ სისტემას, რომელიც აერთიანებს:

  • უცხოური კაპიტალის მონაწილეობის მინიმალურ შეზღუდვებს;

  • ძლიერ საკანონმდებლო და კონსტიტუციურ გარანტიებს;

  • საერთაშორისო საინვესტიციო დაცვის სისტემაში ინტეგრაციას.

  • თუმცა, წარმატებული ინვესტიციისთვის აუცილებელია:

  • სტრატეგიული სამართლებრივი დაგეგმვა;

  • სექტორული რეგულაციების სიღრმისეული გააზრება;

  • საერთაშორისო სამართლებრივი დაცვის მექანიზმების ეფექტიანი გამოყენება, განსაკუთრებით არბიტრაჟის მიმართულებით.

 

წყაროები

A. ეროვნული კანონმდებლობა (ძირითადი წყაროები)

• „ინვესტიციების ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონი (1996)
• საქართველოს კონსტიტუცია
• „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი
• საქართველოს საგადასახადო კოდექსი

B. საერთაშორისო სამართლებრივი აქტები

• ნიუ-იორკის კონვენცია უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობა-აღსრულების შესახებ(1958)
• ენერგეტიკული ქარტიის ხელშეკრულება
• ICSID-ის კონვენცია

C. საერთაშორისო ანგარიშები და მონაცემთა წყაროები

• UNCTAD, მსოფლიო საინვესტიციო ანგარიში 2024
• მსოფლიო ბანკი, Doing Business ანგარიში / Business Ready (B-READY)

D. ინსტიტუციური და პოლიტიკის მონაცემთა ბაზები

• UNCTAD-ის საინვესტიციო პოლიტიკის პლატფორმა (Investment Policy Hub)
• UNCTAD-ის საერთაშორისო საინვესტიციო შეთანხმებების ბაზა (IIA Navigator – საქართველოსპროფილი)

E. სამთავრობო და ოფიციალური წყაროები

• საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

F. ონლაინ წყაროები

• მსოფლიო ბანკის პრესრელიზი (2019 წლის რეიტინგი)
• საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს საინფორმაციო გვერდი

© ნანა თურმანიძე