საარბიტრაჟო შეთანხმების მარეგულირებელი სამართლის განსაზღვრა ყველაზე ახლო, რეალური და მჭიდრო კავშირის დოქტრინაზე დაყრდნობით

28.03.2022

       ავტორი: თათია თურაზაშვილი

საარბიტრაჟო შეთანხმების მარეგულირებელი სამართლის განსაზღვრის დროს მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება მივაქციოთ საარბიტრაჟო შეთანხმების ავტონომიურობის (განცალკევებულობის) პრინციპს. ამ პრინციპთან დაკავშირებით, სხვადასხვა იურისდიქციაში ზოგადად არსებობს რამდენიმე მიდგომა: მათ შორისაა: (1) საარბიტრაჟო შეთანხმების ცალკე შეთანხმებად აღიარება, კერძოდ საარბიტრაჟო შეთანხმება უნდა იყოს ცალკე შეთანხმება ძირითადი ხელშეკრულებისგან და იგი უნდა ითვალისწინებდეს ადგილსამყოფელის (საარბიტრაჟო განხილვის ადგილის) სამართალს, რომელიც ნაგულისხმევი იქნება როგორც საარბიტრაჟო შეთანხმების მარეგულირებელი სამართალი, როდესაც მხარეებმა არ აირჩიეს მისი კონკრეტული მარეგულირებელი სამართალი; (2) აღიარება, რომ განცალკევებულობა მხოლოდ ერთგვარი იურიდიული ფიქციაა საარბიტრაჟო შეთანხმების ნამდვილობის შესანარჩუნებლად, როდესაც არსებობს ძირითადი ხელშეკრულების დადებისას რაიმე პრობლემა. მაშასადამე, საარბიტრაჟო შეთანხმების მარეგულირებელი სამართალი სულაც არ უნდა იყოს განსხვავებული და განცალკევებული ძირითადი ხელშეკრულების მარეგულირებელი სამართლისაგან;

განცალკევებულობის დოქტრინა აღიარებულია საარბიტრაჟო ინსტიტუციური და საერთაშორისო წესებით და ქვეყნების მზარდმა რაოდენობამ მკაფიოდ გამოხატა თავიანთი პოზიცია განცალკევებულობის პრინციპის არბიტრაჟის შესახებ კანონების ნაწილად აღიარებით. იმის გამო, რომ ის შეიძლება ჩაითვალოს ცალკე შეთანხმებად, თუ რაიმე შეკითხვა გაჩნდება საარბიტრაჟო პუნქტის მოქმედების ან ფარგლების შესახებ, მხარეებმა და საარბიტრაჟო ტრიბუნალმა უნდა იცოდნენ, თუ რა სამართლებრივი სისტემა ან წესები უნდა გამოიყენონ. განცალკევებულობის პრინციპი ინგლისურ სამართალში ადგენს, რომ საარბიტრაჟო შეთანხმება, რომელიც წარმოადგენს ან გამიზნული იყო სხვა („მთავარი“ ან „მასპინძელი“) შეთანხმების ნაწილად, არ ჩაითვლება ბათილად ან არარსებულად იმ მოტივით, რომ ძირითადი შეთანხმება ბათილია ან არ შესულა ძალაში. ამ მიზნებისათვის საარბიტრაჟო შეთანხმება განიხილება როგორც ცალკე, დამოუკიდებელი შეთანხმება. იმის გამო, რომ ხელშეკრულებაში საარბიტრაჟო პუნქტი წარმოადგენს ცალკეულ და დამოუკიდებელ შეთანხმებას, შესაძლოა საჭირო გახდეს იმის გათვალისწინება, რომ იგი რეგულირდება ცალკე, განსხვავებული სამართლით იმ სამართლისგან, რომელიც არეგულირებს ხელშეკრულებას.

„სამ ეტაპიანი ტესტი“ არის დამკვიდრებული მიდგომა იმის გადასაწყვეტად, თუ რომელი სამართალი არეგულირებს საარბიტრაჟო შეთანხმებას. ტესტი მოიცავს შეკითხვას, გააკეთეს თუ არა მხარეებმა სამართლის მკაფიო ან ნაგულისხმევი არჩევანი საარბიტრაჟო შეთანხმებისთვის და თუ არა, სამართლის რომელ სისტემას აქვს საარბიტრაჟო შეთანხმებასთან ყველაზე ახლო, რეალური და მჭიდრო კავშირი. მხარეთა არჩევანის არარსებობის შემთხვევაში, შესაბამისი პირობები უნდა იქნას გათვალისწინებული, რათა განისაზღვროს, თუ რომელ სამართლის სისტემას აქვს ობიექტურად ყველაზე ახლო, რეალური და მჭიდრო კავშირი შეთანხმებასთან. მარეგულირებელი სამართლის განსაზღვრისას ყველაზე ახლო, რეალური და მჭიდრო კავშირის დოქტრინის მიხედვით, ცალკეული გარემოებებიდან უნდა განისაზღვროს თუ რომელ იურისდიქციას აქვს ყველაზე მნიშვნელოვანი და მჭიდრო კავშირი მოცემულ სიტუაციასთან.

არსებობს მრავალი მიდგომა, თუ როგორ შეიძლება განისაზღვროს ყველაზე ახლო, რეალური და მჭიდრო კავშირის დოქტრინა, თუმცა, უმეტესი შემთხვევების ანალიზიდან შეიძლება ითქვას, რომ არბიტრაჟის ადგილსამყოფელის (საარბიტრაჟო განხილვის ადგილის) და ძირითადი ხელშეკრულების სამართალს ენიჭება უპირატესობა საარბიტრაჟო შეთანხმების მარეგულირებელი სამართლის განსაზღვრისას.

საარბიტრაჟო შეთანხმებას, ჩვეულებრივ, უფრო მჭიდრო და რეალური კავშირი ექნება იმ ადგილთან, სადაც მხარეებმა აირჩიეს რომ ჰქონდეთ არბიტრაჟი, ვიდრე ძირითადი ხელშეკრულების სამართლის ადგილთან. ზოგიერთი კი ვარაუდობს, რომ ადგილსამყოფელი (საარბიტრაჟო განხილვის ადგილი) უდავოდ ითვლება ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად საარბიტრაჟო შეთანხმების მარეგულირებელი სამართლის განსაზღვრაში. საარბიტრაჟო პუნქტის განცალკევებულობის პრინციპიდან გამომდინარე, არის შემთხვევები სხვადასხვა იურისდიქციაში, როდესაც სასამართლომ ან საარბიტრაჟო ტრიბუნალმა არბიტრაჟის ადგილსამყოფელის (საარბიტრაჟო განხილვის ადგილის) სამართალი მიიჩნია შესაბამის სამართლად მხარეთა საარბიტრაჟო შეთანხმების რეგულირებისთვის. მხარეებს შორის რაიმე მკაფიო ან ნაგულისხმევი შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში საარბიტრაჟო შეთანხმების მარეგულირებელ სამართალთად დაკავშირებით გამოიყენება არბიტრაჟის ადგილსამყოფელის (საარბიტრაჟო განხილვის ადგილის) სამართალი.

არბიტრაჟის ადგილსამყოფელზე (საარბიტრაჟო განხილვის ადგილზე)  შეთანხმებით, მხარეები უქვემდებარებენ თავს ამ ადგილის სასამართლოების იურისდიქციას, რათა გადაწყვეტილ იქნას ნებისმიერი საკითხი, რომელიც ეხება მათი საარბიტრაჟო შეთანხმების ნამდვილობას ან აღსრულებადობას. მხარეთა შეთანხმებიდან გამომდინარე საარბიტრაჟო ადგილსამყოფელზე (საარბიტრაჟო განხილვის ადგილზე) შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ მათ გააკეთეს ნაგულისხმევი არჩევანი საარბიტრაჟო შეთანხმების მარეგულირებლად არბიტრაჟის ადგილსამყოფელის სამართლის არჩევის შესახებ. აქედან გამომდინარე, ძირითადი ხელშეკრულების შესრულების ადგილის მსგავსად, არჩეული ადგილი არის საარბიტრაჟო შეთანხმების შესრულების ადგილი, ამიტომ მისი სამართალიც შეიძლება ჩაითვალოს ყველაზე მჭიდროდ დაკავშირებულად საარბიტრაჟო შეთანხმებასთან. მხარეთა გონივრული კომერციული მოლოდინების განხილვისას, განსაკუთრებით მათ, ვინც განსხვავებული ეროვნების წარმომადგენლები არიან და არბიტრაჟისთვის ნეიტრალური ფორუმი აირჩიეს, ადგილსამყოფელის სამართალი სავარაუდოდ, გაამართლებს მათ გონივრული მოლოდინს. მათ ეროვნულ სამართლებრივ სისტემებთან შედარებით, ასეთ ვითარებაში მხარეები არსებითად უფრო მეტად აირჩევენ საარბიტრაჟო შეთანხმების რეგულირებისთვის ნეიტრალურ სამართალს, რომელიც არც ერთი მხარესთან არაა დაკავშირებული.

როგორც ზემოთ აღინიშნა, ინგლისური სამართლის მიდგომა საარბიტრაჟო შეთანხმების მარეგულირებელი სამართლის დადგენისას სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება Sulamerica CIA Nacional de Seguros SA v Enesa Engenharia SA [2012] EWCA Civ 638-ს შემდეგ განისაზღვრა სამ ეტაპიან ტესტზე მითითებით. მთავარი საკითხი იყო, შეიძლება თუ არა ძირითადი ხელშეკრულების მარეგულირებელი სამართლის მკაფიო არჩევანი იყოს საარბიტრაჟო შეთანხმების მარეგულირებელი სამართლის ნაგულისხმევი არჩევანი, თუ არბიტრაჟის ადგილსამყოფელის (საარბიტრაჟო განხილვის ადგილის) სამართალი როგორც ყველაზე მჭიდროდ დაკავშირებული სამართალი არეგულირებს საარბიტრაჟო შეთანხმებას. ერთ-ერთი უახლესი მიდგომა ნათლად გამოიკვეთა Enka-ს საქმეში. მოკლედ რომ ითქვას, უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ თუ ხელშეკრულების მხარეებმა მკაფიოდ ან ნაგულისხმევად არ დააკონკრეტეს სამართალი, რომელიც არეგულირებს მათ საარბიტრაჟო შეთანხმებას, მაშინ გამოყენებული იქნება ძირითადი ხელშეკრულების მარეგულირებელი სამართალი (თუ მითითებულია). ეს ასეა მაშინაც კი, თუ არბიტრაჟის ადგილსამყოფელი განსხვავდება ხელშეკრულების მარეგულირებელი სამართლის ადგილისგანაც. მაგრამ თუ ხელშეკრულების მარეგულირებელი სამართალი არ არის განსაზღვრული, მკაფიოდ თუ ნაგულისხმევად, მაშინ საარბიტრაჟო შეთანხმება რეგულირდება სამართლით, რომელიც ყველაზე მჭიდროდ არის დაკავშირებული საარბიტრაჟო შეთანხმებასთან. ზოგადად, ეს იქნება ადგილსამყოფელის (საარბიტრაჟო განხილვის ადგილის) სამართალი.

აირჩიეს თუ არა მხარეებმა მარეგულირებელი სამართალი - ამ საკითხის განსაზღვრისას სასამართლომ დაადგინა, რომ ეს არის ინტერპრეტაციის საკითხი და სასამართლომ უნდა განმარტოს საარბიტრაჟო შეთანხმება სახელშეკრულებო ინტერპრეტაციის ინგლისური სამართლის წესების გამოყენებით. ამასთან, უზენაესი სასამართლო არ დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს, რომელიც ამტკიცებდა, რომ ხელშეკრულების ინტერპრეტაციისთვის სასამართლომ უნდა გამოიყენოს არსებითი ხელშეკრულების სამართლის პრინციპები, თუნდაც განსხვავებული ინგლისური სამართლისგან. უზენაესმა სასამართლომ საბოლოოდ განაცხადა, რომ „ძირითადი ხელშეკრულების სამართალი, თუ განსხვავებულია, არ თამაშობს როლს ანალიზში“. – უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ ფორუმის კანონი.

საარბიტრაჟო შეთანხმების მარეგულირებელი კანონის განსაზღვრისას, უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ნაგულისხმევს „წესს“: როდესაც მხარეებმა არ დააკონკრეტეს სამართალი, რომელიც გამოიყენება საარბიტრაჟო შეთანხმებაზე, მაგრამ მათ აირჩიეს სამართალი საარბიტრაჟო შეთანხმების შემცველი ხელშეკრულების დასარეგულირებლად, ეს არჩევანი ზოგადად ვრცელდება საარბიტრაჟო შეთანხმებაზე იმის საფუძველზე, რომ ეს არის საარბიტრაჟო შეთანხმების მარეგულირებელი სამართლის ნაგულისხმევი არჩევანი. სასამართლომ განაცხადა, გარდა იმ შემთხვევისა თუ არ არსებობს საფუძველი სხვაგვარი დასკვნის გამოტანისთვის, ვარაუდი რომ ხელშეკრულების ყველა პირობა რეგულირდება იმავე სამართლით, რითაც ძირითადი ხელშეკრულება ვრცელდება საარბიტრაჟო დებულებაზეც (თუმცა სასამართლომ აღნიშნა ისიც რომ საარბიტრაჟო პუნქტის შესახებ შეიძლება უფრო ადვილად ვივარაუდოთ, ვიდრე სხვა დებულებებზე, რომ იგი რეგულირდება სხვა სამართლით, იქიდან გამომდინარე რომ მას აქვს განსხვავებული საგანი და მიზანი, ვიდრე არსებით ხელშეკრულებას). უმრავლესობამ შემდგომში განაცხადა, რომ: „ბუნებრივია, თუ საპირისპირო ინტერპრეტაციის საფუძვლიანი მიზეზი არ არსებობს, ამგვარი მარეგულირებელი სამართლის დებულების ინტერპრეტაცია მოხდეს როგორც საარბიტრაჟო დებულების მიმართ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საარბიტრაჟო პუნქტი არის მხარეთა ძირითადი ხელშეკრულების ნაწილი, სადაც ისინი შეთანხმდნენ, რომ ეს ძირითადი ხელშეკრულება რეგულირდება სამართლის განსაზღვრული სისტემით“. ეს წესი ხელს უწყობს სამართლებრივ სიზუსტეს და მიდგომის თანმიმდევრულობას.

სასამართლომ დაადგინა, რომ არასწორი იყო იმის მტკიცება (როგორც სააპელაციო სასამართლომ განმარტა), რომ არსებობდა „მყარი ვარაუდი“, რომ მხარეებმა აირჩიეს სამართალი, ნაგულისხმევი არჩევანის გზით, არბიტრაჟის ადგილსამყოფელზე (საარბიტრაჟო განხილვის ადგილზე) შეთანხმებით. საფუძველი, რომელზედაც სააპელაციო სასამართლომ გააკეთა ეს განმარტება, დაფუძნებული იყო განცალკევებულობის პრინციპზე და ზოგადად იმაზე რომ სამართალს, რომელიც არეგულირებს ძირითად ხელშეკრულებას, მცირე გავლენა აქვს საარბიტრაჟო შეთანხმებაზე, რომელიც „განსხვავებული და ცალკეული შეთანხმებაა“. უმრავლესობა ამტკიცებდა, რომ ამ დროს მოხდა განცალკვებულობის პრინციპზე გადაჭარბებული დაყრდნობა, რომელიც, თავისი არსით გამოიყენება, როდესაც ხელშეკრულების მარეგულირებელი კანონის გამოყენება მაშინ როდესაც არსებობს საარბიტრაჟო შეთანხმების ბათილობის ან არაეფექტურობის შანსი.

საბოლოო ჯამში, უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ თუ ხელშეკრულების მხარეებმა მკაფიოდ ან ნაგულისხმევად არ დააკონკრეტეს სამართალი, რომელიც არეგულირებს მათ საარბიტრაჟო შეთანხმებას, მაშინ გამოყენებული იქნება ხელშეკრულების მარეგულირებელი კანონი (თუ მითითებულია). ეს ასეა მაშინაც კი, თუ არბიტრაჟის ადგილსამყოფელის სამართალი განსხვავდება ხელშეკრულების მარეგულირებელი სამართლისგან. მაგრამ თუ ხელშეკრულების მარეგულირებელი სამართალი არ არის განსაზღვრული, მკაფიოდ თუ ნაგულისხმევად, მაშინ საარბიტრაჟო შეთანხმება რეგულირდება იმ სამართლით, რომელიც ყველაზე მჭიდროდ არის დაკავშირებული საარბიტრაჟო შეთანხმებასთან. ზოგადად, ეს არის არბიტრაჟის ადგილსამყოფელის (საარბიტრაჟო განხილვის ადგილის) სამართალი.

Enka-ს საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება არის ინგლისური საარბიტრაჟო სამართლის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და ის გათვალისწინებულ უნდა იქნას ყველა კომერციული მხარის მიერ, რომელიც გადაწყვეტს საარბიტრაჟო შეთანხმებების ჩართვას თავის ხელშეკრულებებში. თუმცა, პრაქტიკაში, კარგი შემუშავება თავის თავში ყოველთვის გულისხმობს როგორც მატერიალური ხელშეკრულების მარეგულირებელი სამართლის, ასევე საარბიტრაჟო შეთანხმების მარეგულირებელ სამართლის მკაფიოდ განსაზღვრულ არჩევანს. ორივეს დაზუსტების შეუსრულებლობას აქვს პოტენციალი გამოიწვიოს დავები და ფართო სატელიტური სამართალწარმოება, როგორც ეს დასტურდება ამ შემთხვევაში. თუმცა, უზენაესი სასამართლოს ამ ბოლო გადაწყვეტილებით, ახლა უკვე მეტ-ნაკლებად არსებობს ვარაუდი, თუ როგორ გადაწყდება ასეთი დავები.

 

საკვანძო სიტყვები: არბიტრაჟი, საარბიტრაჟო შეთამხმება, მარეგულირებელი სამართალი, ყველაზე მჭიდრო კავშირის დოქტრინა

 

ბიბლიოგრაფია

 

გადაწყვეტილებები:

  1. Hyundai Merchant Marine Company Limited v Americas Bulk Transport Limited MV [2013] EWHC 470 (Comm)
  2. Sulamerica CIA Nacional de Seguros SA and others v Enesa Engenharia SA and others [2012] EWCA Civ 638
  3. Enka Insaat Ve Sanayi AS v OOO “Insurance Company Chubb” United Kingdom Supreme Court, 9 October 2020 [2020] USKC 38
  4. BCY v. BCZ Case Singapore High Court, 9 Nov 2016 [2016] SGHC 249
  5. Balkan Energy Ltd. v. Republic of Ghana, 302 F. Supp. 3d 144 (D.D.C. 2018)
  6. Kabab-Ji Sal (Lebanon) v Kout Food Group (Kuwait) [2021] UKSC 48
  7. Lew, Solomon v Kaikhushru Shiavax Nargolwala and others Court of Appeal of the Republic of Singapore, 10 February 2021
  8. Dallah Real Estate and Tourism Holding Company v. Ministry of Religious Affairs, Government of Pakistan United Kingdom Supreme Court, 3 November 201 [2010] UKSC 460
  9. Georgia W. Babcock.V.Mabel B. Jackson, as Executrix of William H. Jackson, Deceased. Court of Appeals of New York, May 9, 1963, Case No.12 NY2d 47

 

ლიტერატურა

  1. Redfern and Hunter on International Arbitration (Sixth Edition) Oxford University Press (2015)
  2. Restatement of the U.S. Law of International Commercial and Investor-State Arbitration;
  3. HK Arbitration Ordinance (Cap. 609)
  4. Fouchard Gaillard Goldman, International Commercial Arbitration (Gaillard and Savage (eds.)), Kluwer Law International (1999)
  5. Gary B. Born, International Commercial Arbitration (third Edition), Kluwer Law International (2021)
  6. Albert J. van den Berg, The New York Arbitration Convention of 1958: Towards a Uniform Judicial Interpretation, Kluwer Law International (1981)
  7. Hayward, Benjamin, Conflict of Laws and Arbitral Discretion - The Closest Connection Test, Oxford 2017