29.09.2026
ენკას და საქართველოს სახელმწიფოს შორის მიმდინარე დავა, ალბათ, ყველაზე საინტერესო ეტაპზე გადავიდა. ერთი და იგივე საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულება პარიზში შეჩერებულია, აშშ-ში კი გადაწყვეტილება უკვე ცნობილია და დაშვებულია აღსასრულებლად. თუმცა სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და მის საფუძველზე თანხის რეალურად ამოღება ორი სრულიად განსხვავებული საკითხია.
2025 წლის 9 დეკემბერს პარიზის სააპელაციო სასამართლომ (Cour d'appel de Paris, Pôle 5 - Chambre 16) ენკას სასარგებლოდ გამოტანილ საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას (Final Award) და მის დამატებას (Addendum) აღსრულებადუნარიანობა მიანიჭა, თუმცა მათი აღსრულების პროცესი შეაჩერა მანამ სანამ სასამართლო საქართველოს მიერ წარდგენილ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნებზე გადაწყვეტილებას არ მიიღებს.
საკითხი განსხვავებულად განვითარდა აშშ-ში. 2026 წლის 11 სექტემბერს აშშ-ის კოლუმბიის ოლქის ფედერალურმა სასამართლომ (U.S. District Court for the District of Columbia) უარყო საქართველოს მოთხოვნები საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების უარყოფის შესახებ, ასევე ალტერნატიული მოთხოვნა - აშშ-ში მიმდინარე სამართალწარმოების შეჩერების თაობაზე პარიზში მიმდინარე საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების პროცესის დასრულებამდე და დააკმაყოფილა ენკას შემხვედრი შუამდგომლობა შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. 18 სექტემბერს კი გამოსცა სასამართლო განჩინება და საბოლოო გადაწყვეტილება, რომლითაც საარბიტრაჟო გადაწყვეტილება აშშ-ში აღიარა და აღსასრულებად ცნო.
რას ეხება დავა?
დავა წარმოიშვა საქართველოსა და ენკას შორის დადებული აშენება–ფლობა–ოპერირების ხელშეკრულებიდან (BOO Agreement), რომელიც ნამახვანის ჰიდროენერგეტიკული კომპლექსის განვითარებას ითვალისწინებდა. პროექტის განხორციელების შეფერხების შემდეგ ენკამ ხელშეკრულება შეწყვიტა და საქართველოს სახელშეკრულებო ვალდებულებების არსებით დარღვევაზე მიუთითა, რასაც საქართველო უარყოფდა.
2022 წლის 1 მარტს ენკამ ICC-ის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართა. 2024 წლის 13 ნოემბერს საარბიტრაჟო ტრიბუნალმა დაადგინა, რომ კონტრაქტორმა ხელშეკრულება მართლზომიერად შეწყვიტა და საქართველოს დააკისრა მისთვის გადაცემული აქტივების სამართლიანი საბაზრო ღირებულების 297 მილიონი აშშ დოლარის გადახდა შესაბამის პროცენტთან ერთად. გადაწყვეტილებით გათვალისწინებულია SOFR + 4%-იანი საპროცენტო განაკვეთი, ყოველდღიური დარიცხვითა და ყოველთვიური კაპიტალიზაციით, სრულ გადახდამდე.
რატომ პარიზი და რატომ ვაშინგტონი?
პარიზი მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ის არის არბიტრაჟის ადგილი (seat of arbitration). შესაბამისად, სწორედ საფრანგეთის სასამართლო განიხილავს საქართველოს მოთხოვნას საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ. ვაშინგტონს კი ენკამ გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების მოთხოვნით მიმართა ნიუ-იორკის კონვენციისა და აშშ-ის ფედერალური საარბიტრაჟო აქტის (Federal Arbitration Act FAA) საფუძველზე. შედეგად, ერთი და იგივე საარბიტრაჟო გადაწყვეტილება დღეს ორ იურისდიქციაში განსხვავებული სამართლებრივი მსჯელობის საგანია: პარიზში მისი გაუქმების საკითხია დღის წესრიგში, ხოლო აშშ-ში გადაწყვეტილება უკვე ცნობილია და აღსასრულებლად არის დაშვებული.
რატომ არა საქართველო?
ასევე, საინტერესოა თუ რატომ არ მოუთხოვია ენკას საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება საქართველოში. აშშ-ში მიმდინარე პროცესში თავად საქართველო მიუთითებდა საქართველოზე, როგორც უფრო შესაფერის სასამართლო ფორუმზე. ამერიკულმა სასამართლომ ეს არგუმენტი არ გაიზიარა და განმარტა, რომ აშშ-ში არსებული უცხო სახელმწიფოს კომერციული აქტივების მიმართ შესაბამისი ღონისძიებების გამოყენება სწორედ აშშ-ის სასამართლოს შეუძლია.
საქართველოში უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობა და აღსრულება სამართლებრივად შესაძლებელია და უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაშიც არაერთი საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაა ცნობილი და აღსასრულებლად მიქცეული. თუმცა განსხვავებული საკითხია სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოტანილი, ასეთი მასშტაბის გადაწყვეტილების ფაქტობრივი აღსრულება. საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციაში, პირდაპირ შესადარებელი შემთხვევა, სადაც მსგავსი მოცულობის უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს სახელმწიფოსგან თანხის ფაქტობრივი ამოღება განხორციელდა, არ ფიქსირდება.
ამრიგად, ახსნა შეიძლება აღსრულების სტრატეგიაში მდგომარეობდეს, სახელმწიფოს წინააღმდეგ დავისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სად შეიძლება გადაწყვეტილების ცნობა, არამედ სად მდებარეობს ისეთი სახელმწიფო აქტივები, რომლებზეც იძულებითი აღსრულება სამართლებრივად შესაძლებელია.
რატომ შეაჩერა პარიზმა აღსრულება?
მნიშვნელოვანია, რომ საფრანგეთის სასამართლოში საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნა თავისთავად არ აჩერებს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულებას. საფრანგეთის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, სასამართლოს აღსრულების შეჩერების ან შესაბამისი პირობების განსაზღვრის შესაძლებლობას აძლევს, როდესაც აღსრულებამ შესაძლოა ერთ-ერთი მხარის უფლებები სერიოზულად დააზიანოს.
სასამართლომ მიიჩნია, რომ დაუყოვნებლივ აღსრულებას შეეძლო საქართველოს უფლებების სერიოზული შელახვა, სახელმწიფოს მოუწევდა მნიშვნელოვანი მოცულობის საჯარო სახსრების მობილიზება, მაშინ როდესაც ენკა, როგორც პროექტისთვის შექმნილი კომპანია, ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ ვეღარ ასაბუთებდა აქტიურ ეკონომიკურ საქმიანობას, საკუთარი აქტივების არსებობას, გადახდისუნარიანობასა და ეკონომიკურ სიცოცხლისუნარიანობას. განსაკუთრებით საინტერესოა სასამართლოს მიერ გაკეთებული შედარება, რომ 2025 წლის 5 ივნისის მდგომარეობით გადასახდელი ძირითადი თანხა და დარიცხული პროცენტი შეადგენს საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტის თითქმის 60%-ს და იუსტიციის სამინისტროს ბიუჯეტის დაახლოებით 250%-ს.
რატომ არ დაელოდა ვაშინგტონი პარიზს?
მიუხედავად იმისა რომ საქართველო ითხოვდა აშშ-ში მიმდინარე წარმოების შეჩერებას საფრანგეთში მიმდინარე სასამართლო პროცესის დასრულებამდე, აშშ-ის კოლუმბიის ოლქის ფედერალურმა სასამართლომ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. რაც კარგად აჩვენებს ნიუ-იორკის კონვენციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან თავისებურებას, რომ არბიტრაჟის ადგილზე გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნის წარდგენა ავტომატურად არ აჩერებს მის ცნობა-აღსრულებას სხვა ხელშემკვრელ სახელმწიფოში. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საარბიტრაჟო წარმოების ერთ-ერთ ძირითად მიზანზე დავის სწრაფ გადაწყვეტასა და გაჭიანურებული და ძვირადღირებული სამართალწარმოების თავიდან აცილებაზე. სასამართლომ ასევე გაითვალისწინა, რომ საარბიტრაჟო წარმოების დაწყებიდან თითქმის ოთხი წელი იყო გასული, ხოლო პარიზის სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების ვადა კვლავ გაურკვეველი რჩებოდა. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღსრულების განუსაზღვრელი ვადით გადადება მხოლოდ იმ შესაძლო შედეგის მოლოდინში, რომ საქართველო პარიზში გადაწყვეტილების გაუქმებას მიაღწევდა, ნიუ-იორკის კონვენციის მიზნებთან შესაბამისი არ იქნებოდა.
სწორედ აქ ჩნდება ამ საქმის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო საკითხი თუ რამდენად უნდა დაელოდოს აღსრულების სახელმწიფოს ამ შემთხვევაში აშშ-ის სასამართლო, არბიტრაჟის ადგილის სახელმწიფოს ე.ი საფრანგეთის სასამართლოს გადაწყვეტილებას, როდესაც იქ იმავე საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების პროცესი ჯერ კიდევ დღის წესრიგშია.
არანაკლებ საინტერესოა შემდეგი ეტაპი.
საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და მის საფუძველზე სასამართლო გადაწყვეტილების მიღება ავტომატურად არ ნიშნავს თანხის ფაქტობრივ ამოღებას განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მოვალე სახელმწიფოა.
აშშ-ის „უცხო სახელმწიფოთა სუვერენული იმუნიტეტების შესახებ კანონი“ (FSIA) მიხედვით, უცხო სახელმწიფოს ქონება, როგორც წესი, დაცულია იძულებითი აღსრულებისგან, თუმცა კანონი ითვალისწინებს კონკრეტულ გამონაკლისებს.
მაგალითად, ცენტრალური ბანკის მიერ საკუთარ ანგარიშზე არსებული აქტივები, დიპლომატიური მიზნებისთვის გამოყენებული ქონება განსაკუთრებული იმუნიტეტით სარგებლობს, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული კომერციული აქტივები კი ავტომატურად სახელმწიფოს აქტივებად არ ითვლება და მისი სამართლებრივი სტატუსი ცალკე შეფასებას მოითხოვს. განსაკუთრებით საინტერესოა აშშ-ში კომერციული საქმიანობისთვის გამოყენებული სახელმწიფო ქონება. ასეთ აქტივებზე იძულებითი აღსრულება შესაძლებელია თუ დაკმაყოფილდა აშშ-ის უცხო სახელმწიფოთა სუვერენული იმუნიტეტების შესახებ კანონით განსაზღვრული პირობები.
შესაბამისად, გადაწყვეტილების ცნობა მართალია პირველი ეტაპია, თუმცა რეალურად აღსრულებადი სახელმწიფო აქტივის აღმოჩენა და მასზე იძულებითი აღსრულების სამართლებრივი შესაძლებლობის დადასტურება სრულიად სხვა.
ამ ეტაპზე საქართველოსთვის ერთდროულად აქტუალურია პარიზში მიმდინარე გაუქმების პროცესის გაგრძელება, ხოლო აშშ-ში გასაჩივრებისა და აღსრულების შესაძლო შეჩერების სამართლებრივი მექანიზმების შეფასება. ამასთანავე, მნიშვნელოვანია სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდგომ ინფორმაციისა და მტკიცებულებების გამოთხოვის შესაძლო პროცესისთვის, სახელმწიფო აქტივებზე იძულებითი აღსრულების საკითხებისა და სახელმწიფო იმუნიტეტიდან გამომდინარე დაცვის მექანიზმების გამოყენებისთვის წინასწარი მომზადება.
თუმცა სამართლებრივ სტრატეგიასთან ერთად გასათვალისწინებელია ტრიბუნალის მიერ უკვე დაკისრებული ჯამური თანხა და SOFR + 4% პროცენტი, ყოველდღიური დარიცხვითა და ყოველთვიური კაპიტალიზაციით. ამდენად, პროცესის ხანგრძლივობას პირდაპირი ფინანსური შედეგი აქვს, რადგან დროთა განმავლობაში პოტენციური ფინანსური ვალდებულება იზრდება. 2026 წლის 18 სექტემბრისთვის აშშ-ის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით გადასახდელი თანხა უკვე 443,258,952 აშშ დოლარს შეადგენს, რაც თავდაპირველად დაკისრებულ 383.2 მილიონ აშშ დოლართან შედარებით დაახლოებით 60 მილიონი აშშ დოლარით მეტია.
სწორედ ამიტომ, საკითხი მხოლოდ იმით არ შემოიფარგლება, რამდენად ძლიერია საქართველოს სამართლებრივი პოზიცია პარიზში თუ ვაშინგტონში. სამართლებრივ პერსპექტივასთან ერთად მუდმივად შესაფასებელია დავის გაგრძელების ეკონომიკური ღირებულებაც განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გადასახდელ თანხაზე პროცენტი ყოველდღიურად იზრდება.
აქ, ასევე ჩნდება საინტერესო პრაქტიკული კითხვა თუ როდესაც დავის გაგრძელებასთან ერთად ფინანსური ვალდებულებაც მუდმივად იზრდება, რა ეტაპზე შეიძლება გახდეს მორიგების ალტერნატივად შეფასება ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელება და საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების მცდელობა.
წყაროები: