ჩვენი კომპანიის საქმიანობით დაინტერესებული პირებისთვის ცნობილია, რომ ცოტა ხნის წინ ჯეი ენდ თი ქონსალთინგმა გერმანელ პარტნიორებთან ერთად შექმნა საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილების გერმანიაში ცნობისა და აღსრულების პირველი პრეცედენტი.
მოხარულნი ვართ გაცნობოთ, რომ ჩვენი კომპანია აფართოებს ევროკავშირში ქართული გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების არეალს.
ამჯერად, ჩვენი ბერძენი პარტნიორების აქტიური ჩართულობით, წარმატებით დასრულდა საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების პროცედურა საბერძნეთის სასამართლოში. ბერძნულმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა და დავალიანების დაკისრების შესახებ ქართული კომპანიის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილება სრულად ცნო და აღასრულა საბერძნეთის ტერიტორიაზე.
განსაკუთრებული სიამაყით გვინდა აღვნიშნოთ, რომ როგორც პირველ (გერმანია) ასევე მეორე (საბერძნეთი) შემთხვევაში ჯეი ენდ თი ქონსალთინგის გუნდს ხელმძღვანელობდა ჩვენი კომპანიის უფროსი იურისტი, პროფესორი სიმონ ტაკაშვილი.
იმედი გვაქვს, კვლავაც შევძლებთ ჩვენი კლიენტების დახმარებას ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებების ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ ცნობისა და აღსრულების საქმეში.