კომერციული და საინვესტიციო არბიტრაჟი: რა განსხვავებაა მათ შორის?

04.05.2021

ავტორი:  ქეთევან კვეტენაძე

არბიტრაჟი დავის გადაწყვეტის ერთ-ერთი ალტერნატიული საშუალებაა. საერთაშორისო არბიტრაჟი განსაკუთრებით მიმზიდველი და პოპულარულია სამეწარმეო დავების გადაწყვეტისას.

განასხვავებენ კომერციულ და საინვესტიციო საერთაშორისო არბიტრაჟს. კომერციული არბიტრაჟი განიხილავს მეწარმე სუბიექტთა შორის არსებულ სახელშეკრულებო დავებს. საინვესტიციო არბიტრაჟი კი განიხილავს საინვესტიციო ხელშეკრულებიდან წარმოშობილ დავებს, რომლის ერთი მხარე არის მეწარმე სუბიექტი, კერძოდ უცხოელი ინვესტორი, ხოლო მეორე მხარე კი სახელმწიფო - ე.წ. მასპინძელი სახელმწიფო. არსებული ბევრი საერთო მახასიათებლის გამო, ზოგჯერ რთულია მათ შორის განსხვავების დანახვა. სწორედ ამიტომ, მოცემულ სტატიაში ვისაუბრებთ იმ ძირითად ასპექტებზე, რაც განასხვავებს კომერციულ არბიტრაჟს საინვესტიციო არბიტრაჟისაგან.

კომერციული არბიტრაჟი ყველასათვის კარგად ცნობილი და არბიტრაჟის ტრადიციული სახეობაა. იგი მრავალწლიან ისტორიას ითვლის, როგორც შიდასახელმწიფოებრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე. საინვესტიციო არბიტრაჟიც საკმაო ხანია არსებობს. თუმცა, მან გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან მოიკიდა ფეხი და საერთაშორისო დავების მოგვარების საყოველთაო მექანიზმად მხოლოდ მაშინ იქცა, როდესაც 1959 წლიდან მოყოლებული პირველი ორმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულებები (A bilateral investment treaty (BIT) ) მოვიდა სისრულეში და როდესაც 1965 წელს მსოფლიო ბანკმა წამოიწყო საინვესტიციო დავების მოგვარების საერთაშორისო ცენტრის (International Centre for Settlement of Investment Disputes (ICSID) კონვენციის შემუშავება.

განვითარების საწყის ეტაპზე საინვესტიციო არბიტრაჟი დიდი პოპულარობით არ სარგებლობდა და ძირითადად საერთაშორისო საჯარო სამართლის სპეციალისტები იყვნენ აქტიურად ჩაბმულნი. ახლა კი უკვე, მას ითვალისწინებენ დავის გადაწყვეტის საშუალებად ათასობით საერთაშორისო თუ საინვესტიციო ხელშეკრულებაში და ბევრი პრაქტიკოსი არბიტრი, რომელიც ადრე მხოლოდ კომერციული არბიტრაჟის განხრით მუშაობდა, თამამად მოღვაწეობს როგორც კომერციული ისე საინვესტიციო არბიტრაჟის სფეროში. აღსანიშნავია ისიც, რომ საინვესტიციო არბიტრაჟისას მიმართავენ ICSID, რომელიც წელიწადში ასობით დავას განიხილავს სახელმწიფოებსა და უცხოურ კომპანიებს შორის.

კომერციულ და საინვესტიციო არბიტრაჟს შორის განსხვავების დანახვა შეიძლება ზოგჯერ რთული და ხშირად შეცდომაში შემყვანიც კი იყოს. გერმანელი მეცნიერი კარლ-ჰაინც ბოქშთიგელი (Karl-Heinz Böckstiegel), რომელიც ასევე პრაქტიკოსი არბიტრი გახლავთ, აღნიშნავს, რომ ხშირად, სწორედ საინვესტიციო ხელშეკრულებები, როგორც წესი, შეიცავენ ე. წ ნორმალურ საარბიტრაჟო შეთანხმებას, რომელიც ეხება კომერციული არბიტრაჟის ინსტიტუტს. ეს ის ხელშეკრულებებია, რომლის ერთ მხარეს წარმოადგენს უცხოელი ინვესტორის მიერ სხვა სახელმწიფოში შექმნილი კორპორაცია და მეორე მხარეს წარმოადგენს იმავე სახელმწიფოს კორპორაცია. თუ კარგად დავაკვირდებით, ჩანს, რომ სინამდვილეში ეს საინვესტიციო ურთიერთობაა და შესაბამისად, შეთანხმება უნდა იყოს არა კომერციულ არბიტრაჟზე, არამედ საინვესტიციო არბიტრაჟზე.

და მაინც, რა განსხვავებაა არბიტრაჟის ამ ორ სახეობას შორის?

როგორც აღმოჩნდა, ამ კითხვაზე პასუხი არც თუ ისე მარტივია. თუმცა, შევეცდები სამეცნიერო ლიტერატურასა თუ პრაქტიკაში აღიარებული მიდგომები გამოვყო და მოკლედ მიმოვიხილო თითოეული მათგანისთვის დამახასიათებელი ის ძირითადი ასპექტები, რომლებიც განასხვავებს მათ ერთმანეთისგან. წინამდებარე სტატიაში ყურადღება იქნება გამახვილებული სამართლებრივ ბაზაზე, რომლის მიხედვითაც ფუნქციონირებს თითოეული მათგანი, ორივე სახის არბიტრაჟის პროცესუალურ საკითხებზე, გამოსაყენებელ სამართალზე, კონფიდენციალურობისა და გამჭვირვალობის პრინციპებზე.

ყველაზე თვალსაჩინო განსხვავება კომერციულ და საინვესტიციო არბიტრაჟს შორის არის ის სამართლებრივი ბაზა, რომლის მიხედვითაც ისინი ფუნქციონირებენ. საინვესტიციო არბიტრაჟისთვის, საერთაშორისო საჯარო სამართლის აქტები საბაზისოა. ძირითადად ესენია: ორმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულებები (BIT - A bilateral investment treaty) და საინვესტიციო დავების მოგვარების საერთაშორისო ცენტრის კონვენცია (ICSID Convention), ასევე, ენერგეტიკული ქარტია (ECT - Energy Charter Treaty), ჩრდილოეთ ამერიკის შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ (NAFTA - North American Free Trade Agreement), ცენტრალური ამერიკის შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ (CAFTA - Central America Free Trade Agreement) და ა.შ. მაშინ როცა, კომერციულ არბიტრაჟში, ძირითადი სართაშორისო სამართლებრივი აქტი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს - ნიუ იორკის კონვენციაა (Convention on the Recognition and Enforcement of Foreign Arbitral Awards), რომელიც უცხოური არბიტრაჟის გადაწყვეტილებების აღიარებასა და აღსრულებას აწესრიგებს. რაც შეეხება შიდასახელმწიფოებრივ, ეროვნულ კანონმდებლობას, იგი სხვადასხვა როლს ასრულებს თითოეულის შემთხვევაში. კომერციულ არბიტრაჟს, პროცედურულად, იმ ქვეყნის იმპერატიული დათქმები წარმართავს, რომელ ქვეყანაშიც მიმდინარეობს არბიტრაჟი. თუმცა, გამონაკლისებიც არსებობს, მაგალითად როდესაც მხარეები ხელშეკრულებით გამორიცხავენ ნებისმიერ ეროვნულ კანონმდებლობას და უთითებენ კერძო სამართლის უნიფიკაციის საერთაშორისო ინსტიტუტის პრინციპებზე (UNIDROIT Principles) ან ორი ან მეტი ეროვნული კანონმდებლობის სხვადასხვა კომბინაციებზე ან საერთო მახასიათებლებზე. საინვესტიციო არბიტრაჟის შემთხვევაში, თუ არბიტრაჟი არ წარიმართება ისეთი საერთაშორისო აქტების მიხედვით, როგორიცაა ICSID ან  NAFTA, არამედ წარიმართება ისეთი არასამთავრობო ინსტიტუციების წესების მიხედვით, როგორიცაა საერთაშორისო სავაჭრო პალატა (ICC - International Chamber of Commerce) ან ლონდონის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლო (LCIA - The London Court of International Arbitration), ამ შემთხვევაში უნდა დაიცვან იმ ქვეყნის იმპერატიული დათქმები, სადაც მიმდინარეობს არბიტრაჟი. ეროვნული მატერიალური სამართალი, უმეტეს შემთხვევაში, გამოიყენება სასამართლო არბიტრაჟში. თუმცა, იგი კომერციულ და საინვესტიციო არბიტრაჟებშიც შეიძლება იქნას გამოყენებული: მაგ. სახელმწიფოსა და უცხოელ ინვესტორს შორის დადებულ საინვესტიციო ხელშეკრულებებში, უმეტეს შემთხვევაში, პირდაპირ უთითებენ მასპინძელი სახელმწიფოს მატერიალური სამართლის გამოყენების თაობაზე. აქ მთელ რიგ სირთულეებს ვაწყდებით, მაგალითად როგორიცაა ხელშეკრულების დადების  მომენტში არსებული კანონმდებლობა, რომელიც შემდგომ შეიცვალა. საინვესტიციო არბიტრაჟებში, რომლებიც საერთაშორისო ხელშეკრულებების დაქვემდებარებაში არიან, ეროვნულ კანონმდებლობასაც გააჩნია თავისი ადგილი. კონვენციები (ICSID, BIT) საერთაშორისო სამართლის ნორმებთან ერთად, მასპინძელი სახელმწიფოს კანონმდებლობაზეც უთითებენ. უცხოელი ინვესტორის ინვესტიცია ექცევა მასპინძელი ქვეყნის იურისდიქციაში და შესაბამისად, იგი ვალდებულია დაექვემდებაროს კანონში შესულ ცვლილებებსაც. თუმცა, ეს ცვლილება არ უნდა აუარესებდეს ინვესტორის მდგომარეობას.

საარბიტრაჟო საქმისწარმოება გამოსაყენებელი საარბიტრაჟო კანონმდებლობის ნებისმიერ სავალდებულო დებულებას ექვემდებარება. კომერციული არბიტრაჟის შემთხვევაში ეს არის ეროვნული კანონმდებლობა არბიტრაჟის განხორციელების ადგილმდებარეობის მიხედვით, ხოლო, საინვესტიციო არბიტრაჟის შემთხვევაში, ეს არის გამოსაყენებელი საერთაშორისო ხელშეკრულებები (აქტები). თუმცა, ისინი ძირითადად იმპერატიული დათქმების ძალიან ცოტა რაოდენობას შეიცავენ, მხოლოდ ფუნდამენტურ პროცესუალურ წესებს, უფრო დაწვრილებით ინფორმაციას თავად არბიტრაჟის შესაბამის კანონებში ვხვდებით.

ისევე როგორც გამოსაყენებელი სამართალი, არბიტრაჟის წესებიც, საქმის წარმოებისას, ტრიბუნალს ფართო უფლებამოსილებას, დისკრეციას ანიჭებენ. საქმისწარმოებისას ამ დისკრეციის გამოყენებით, როგორც ჩანს არბიტრები ითვალისწინებენ მათ საერთაშორისო კომერციულ არბიტრაჟში დაგროვებულ მრავალწლიან გამოცდილებას და იყენებენ მას როგორც კომერციული ასევე საინვესტიციო არბიტრაჟის წარმართვაში.

საინტერესოა კონფიდენციალურობის პრინციპი, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვანია საარბიტრაჟო განხილვისას, განსხვავებულად არის თუ არა წარმოდგენილი კომერციულ და საინვესტიციო არბიტრაჟებში?

კომერციულ არბიტრაჟში კონფიდენციალურობის პრინციპი პრიმატია. ამიტომ ამჯობინებენ კომერციულ არბიტრაჟს სასამართლოს დღესდღეობით მეწარმე სუბიექტები. საინვესტიციო არბიტრაჟის შემთხვევაში, ICSID კონვენცია და უმრავლესობა BIT-ებისა, ცოტას ან საერთოდ არაფერს ამბობენ გადაწყვეტილებებისა და პროცედურის კონფიდენციალურობის შესახებ. თუმცა, პრაქტიკაში ზოგჯერ იყენებენ კონფიდენციალურობის პრინციპსაც. საინვესტიციო არბიტრაჟის შემთხვევაში, პროცესის გამჭვირვალობაა პრიორიტეტული, სწორედ იმ პირთა წრის გამო, რომლებსაც ეხება იგი. ეს არის სახელმწიფო ინტერესები, რომლის უკან დგას საზოგადოება. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი პროცესის გამჭვირვალობა.

იურიდიულ ლიტერატურაში აღნიშნავენ, რომ პროცესის გამჭვირვალობასა თუ კონფიდენციალურობას განაპირობებს არა მხოლოდ მონაწილე სუბიექტები (მხარეები), არამედ პირველ რიგში დავის საგანი. რა არის დავის საგანი და ვის სამართლებრივ ინტერესებს ეხება იგი? კომერციული არბიტრაჟის შემთხვევაში თუ ეს მეწარმე სუბიექტების კომერციული ინტერესია, საინვესტიციო დავის შემთხვევაში სახეზეა საჯარო ინტერესი.

შეიძლება ითქვას კომერციული და საინვესტიციო არბიტრაჟი ერთმანეთისგან პროცედურულად განსხვავდება. საინვესტიციო არბიტრაჟი კომერციულთან შედარებით მეტი თანმიმდევრულობითა და გამჭვირვალობით გამოირჩევა.

კონფიდენციალურობისა და გამჭვირვალობის სახით, სახეზეა ის, რაც ყველაზე მეტად განასხვავებს კომერციულ არბიტრაჟსა და საინვესტიციო არბიტრაჟს ერთმანეთისგან.

კომერციულ და საინვესტიციო არბიტრაჟებს შორის ზღვრის გავლება რთულია. ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ მხოლოდ მხარეები და სამართლებრივი ბაზა არ არის ის საკმარისი კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც შეიძლება არბიტრაჟის ეს ორი ტიპი განვასხვაოთ ერთმანეთისგან. ყურადღება უნდა მივაქციოთ დავის ხასიათსა და მის სამართლებრივ შედეგს, მისი ზემოქმედების ფარგლებს, ვისი სამართლებრივი ინტერესი იკვეთება. კომერციულ და საინვესტიციო არბიტრაჟს შორის განსხვავებას არა მხოლოდ თეორიული, არამედ დიდი პრაქტიკული მნიშვნელობაც აქვს. მნიშვნელოვანია საკითხის სწორად დასმა და მისი გადაწყვეტის სათანადო, ოპტიმალური გზის მოძებნა.

ოპტიმალური გზის მოძებნას კი შესაბამისი საკანონმდებლო ნიადაგი უწყობს ხელს. ეს შესაძლოა აქტუალური იყოს განსაკუთრებით იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც სულ ახლახანს გახდნენ საერთაშორისო ვაჭრობის აქტიური მონაწილეები. მნიშვნელოვანია შიდა საარბიტრაჟო კანონებისა თუ წესების განვითარება. უზრუნველყოფილი უნდა იყოს როგორც სახელმწიფო და საზოგადოებრივი, ასევე კომერციული ინტერესების დაცვის გარანტიები. უნდა გაიზარდოს არბიტრაჟიც უფრო მრავალფეროვანი საარბიტრაჟო კანონებისა და ინსტიტუტების ჩამოყალიბების სახით.

საკვანძო სიტყვები:  საერთაშორისო არბიტრაჟი, კომერციული არბიტრაჟი, საინვესტიციო არბიტრაჟი

წყაროები:

  • Karl-Heinz Böckstiegel, “Commercial and Investment Arbitration: How Different Are They Today?” Arbitration International, The Journal of the London Court of International Arbitration (2012)  ელექტრონულად ხელმისაწვდომია:  [Link]
  • Pieter Parmentier, “International Commercial Arbitration v International Investment Arbitration: Similar Game but Somehow Different Rules” (March 1, 2018). ელექტრონულად ხელმისაწვდომია: SSRN: [Link]