ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ინიციატივით 2017 წლის 4-5 მარტს გუდაურში, სასტუმრო "გუდაური მარკო პოლოში" მასშტაბური საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა თემაზე "ქართული შრომის სამართლის საკანონმდებლო და პრაქტიკული გამოწვევები".
კონფერენციის ჩატარების იდეა "ჯეი ენდ თი ქონსალთინგის" მმართველ პარტნიორს, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორს გიორგი ცერცვაძეს ეკუთვნის. იგი აქტიურად იყო ჩართული, როგორც კონფერენციის ორგანიზების თითოეულ ეტაპზე, ასევე, უშუალოდ კონფერენციის მიმდინარეობისას. ბატონი გიორგის განსაკუთრებული ძალისხმევის შედეგად, აღნიშნული იდეა გაზიარებულ იქნა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ჩვენი ქვეყნის უმსხვილესი დამსაქმებლების მიერ. კონფერენციის მხარდამჭერები იყვნენ შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, ფრიდრიხ ებერტის ფონდი, საქართველოს ფოსტა, თი ბი სი ბანკი, პროკრედიტ ბანკი და რომპეტროლ საქართველო.
კონფერენციის მიზანი შრომის სამართლის თანამედროვე პრობლემების განხილვისათვის ნეიტრალური აკადემიური პლატფორმის შექმნა და დიალოგის ხელშეწყობა იყო. აღნიშნული მიზნიდან გამომდინარე ორგანიზატორების მოწვევით კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის, იუსტიციის სამინისტროს, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლები. მოსამართლეთა კორპუსი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორები, ადვოკატები. წარმომადგენლები შრომის საერთაშორისო ორგანიზაციიდან, ფრიდრიხ ებერტის ფონდიდან და ამერიკის საელჩოდან. კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებისა და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენლები, ჩვენი ქვეყნის უმსხვილესი დამსაქმებლები.
კონფერენცია შედგებოდა რვა პანელისაგან, რომლის განმავლობაშიც მოხსენებებით წარსდგნენ: კარი ტაპიოლა (ILO), ვიქტორ შახტერი (FSRI), ჯეფრი ეისენბრაუნი (ILO), დავით მათიკაშვილი (საქართველოს პარლამენტი), სალომე ზურაბიშვილი (CIDA, GCN), ბექა ნაცვლიშვილი (საქართველოს პარლამენტი), ლეიო სიბელი (ILO), ზაქარია შველიძე (თსუ, ILO), ეკა ქარდავა (თსუ), ნატალია მოწონელიძე (თსუ), თამარ ხაჟომია (მცხეთის რაიონული სასამართლო), გიორგი სვანაძე (თსუ), ნუნუ კვანტალიანი (თსუ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე), სიმონ ტაკაშვილი (თსუ), ლევან ჟორჟოლიანი (შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო), ნიკო ტატულაშვილი (სახალხო დამცველის ოფისი), გიორგი ამირანაშვილი (თსუ), ირაკლი ყანდაშვილი (საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია), თეიმურაზ თოდრია (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე), ქეთევან მესხიშვილი (თბილისის სააპელაციო სასამართლო), სოფო ჩაჩავა (თსუ), რაისა ლიპარტელიანი (GTUC) და მიხეილ კორძახია (GEA). კონფერენციის მოდერატორები იყვნენ: გიორგი ცერცვაძე (თსუ), ჟოლტ დუდასი (ILO), ლეიო სიბელი (ILO), ირაკლი ბურდული (თსუ), გიორგი სვანაძე (თსუ), ზაქარია შველიძე (თსუ, ILO), კარი ტაპიოლა (ILO) და ელზა ჯგერენაია (შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო).
აღნიშნული კონფერენცია წარმოადგენდა თსუ-ს საერთაშორისო კონფერენციების სერიის ერთ-ერთ ნაწილს, რომელსაც წინ უძღოდა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „კონკურენციის სამართალი - ახალი გამოწვევა საქართველოსთვის“. ჩვენი კომპანია ამ კონფერენციის ორგანიზებაშიც აქტიურად იყო ჩართული და მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მონაწილეობას მსგავსი პროექტების ორგანიზებაში, რომელთა მიზანიცაა ჯანსაღი სამართლებრივი გარემოს შექმნა და არსებული სამართლებრივი პრობლემების ეფექტურად მოგვარება, მრავალმხრივი დიალოგისა და ნეიტრალური აკადემიური პლატფორმის გამოყენებით.
ჩვენ, ასევე აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას შრომის სამართლის მიმართულებით, რათა შევქმნათ ამ სფეროში არსებული დავების გადაწყვეტის საშუალებების ეფექტური და საინტერესო დიზაინი.