კონფერენცია თემაზე "კონკურენციის სამართალი - ახალი გამოწვევა საქართველოსთვის"

18.07.2016

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებითა და შპს „რომპეტროლ საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით 2016 წლის 11 და 12 ივლისს ბორჯომში, სასტუმრო „რიქსოსში“, გაიმართა მასშტაბური კონფერენცია თემაზე - „კონკურენციის სამართალი - ახალი გამოწვევა საქართველოსთვის“. კონფერენციის მომხსენებლები იყვნენ კონკურენციის სამართლის უცხოელი სპეციალისტები: ჯეიმს ჰენკსი, Venable LLP-ის პარტნიორი, რობერტ დეივისი, Venable LLP-ის მრჩეველი იურისტი, ბერტოლდ ბარ ბოუისერი, DLA Piper-ის პარტნიორი, იან ხოაკიმ დრეიერი, DLA Piper-ის პარტნიორი, ვარშა კეილი, Mayer Brown-ის ლონდონის ანტიმონოპოლიური და კონკურენციის სამართლის ჯგუფის მრჩეველი, ალექსანდრა ანინოიუ, Mayer Brown-ის ანტიმონოპოლიური და კონკურენციის სამართლის ლონდონის ოფისის იურისტი, ფელიქს სკალა, კონკურენციის სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი Deloitte-ის გერმანიის ოფისში. კონფერენციაზე მოხსენებით წარდგნენ ასევე ქართველი პროფესიონალები: პროფესორი დავით იაკობიძე, სსიპ კონკურენციის სააგენტოს სამართლებრივი და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტის პირველი კატეგორიის მრჩეველი ირინე ჩიხლაძე და სსიპ კონკურენციის სააგენტოს მრჩეველი კონკურენციის დეპარტამენტში - ნიკა სერგია.

კონფერენციის მონაწილეებს შორის იყვნენ მოსამართლეები, სსიპ კონკურენციის სააგენტოს, პრემიერ მინისტრთან არსებული ეკონომიკური საბჭოსა და ბიზნეს ომბუდსმენის წარმომადგენლები, ასევე, პრაქტიკოსი იურისტები სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი იურიდიული ფირმებიდან.

კონფერენციის დასრულების შემდეგ, 13 ივლისს, ჩატარდა ტრენინგი თემაზე - „კაპიტალის უზრუნველყოფის ნორმები, შერწყმა და კონკურენციის პრინციპები“, რომელსაც უძღვებოდნენ ჯეიმს ჰენკსი და რობერტ დეივისი.

კონფერენციის მოდერატორები იყვნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები გიორგი ცერცვაძე და გიორგი სვანაძე. გიორგი ცერცვაძე, რომელიც ჩვენი კომპანიის მმართველი პარტნიორია, როგორც კონფერენციის, ასევე, ტრენინგის ორგანიზების თითოეულ ეტაპზე აქტიურად იყო ჩართული. კონკურენციის სამართლის სფეროში დღეისთვის ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, კონფერენციისა და ტრენინგის მთავარ მიზანს წარმოადგენდა მონაწილეებში ცნობიერების ამაღლება შესაბამის თემებზე და არასამთავრობო თუ სამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა შორის დისკუსიის ხელშეწყობა ქვეყანაში კონკურენციის სამართლის განვითარებისთვის  მნიშვნელოვან საკითხებზე.

ღონისძიების დასასრულს დადებითი შეფასებები დააფიქსირეს როგორც კონფერენციის მონაწილეებმა, ასევე, მომხსენებლებმა. უცხოელმა მომხსენებლებმა არაერთგზის აღნიშნეს, რომ კონფერენცია იყო მაღალ დონეზე ორგანიზებული და რომ ეს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. კონკურენციის სააგენტოს, ასევე, ბიზნეს ომბუდსმენისა და ეკონომიკური საბჭოს წარმომადგენლებმა სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოხატეს ღონისძიების ორგანიზატორების მისამართით.

როგორც კონფერენცია, ასევე, ტრენინგი აკრედიტებული იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ და მთლიანობაში მინიჭებული ჰქონდა 18 კრედიტი.