ზოგჯერ თქვენს ბიზნესში არსებული მდგომარეობა განსხვავებული იურიდიული პროცედურების კომპლექსურ და კომბინირებულ გამოყენებას ითხოვს. ასეთი საჭიროება განსაკუთრებით მაშინ წარმოიშობა, როდესაც კომპანია თუ კომპანიათა ჯგუფი სხვადასხვა ობიექტური და სუბიექტური ფაქტორების გამო შექმნილ პრობლემებს დამოუკიდებლად ვეღარ უმკლავდება.
ბიზნესის პრობლემების მოგვარება იურისტების ჩარევის გარეშე, სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებით სჯობს, თუმცა ეს ყოველთვის ვერ ხერხდება და ზოგჯერ დაგვიანებულიც კია. ამიტომ შესაბამისი იურიდიული პროცედურების გამოყენება კრიზისული მდგომარეობის მართვისას ჩვენი მომსახურების სტრატეგიული სეგმენტია.
შეიძლება გამოვყოთ კრიზისების მართვის რამდენიმე ყველაზე გავრცელებული ფორმა, რაც მომსახურებაზე უკეთესი წარმოდგენის შექმნაში დაგეხმარებათ.
ა) პრობლემური აქტივების მართვა - ხშირად საქონლის ან მომსახურების გაყიდვაზე ორიენტირებული კომპანია ან კომპანიათა ჯგუფი ვერ ახერხებს გაყიდული აქტივის ექვივალენტური ანაზღაურების დროულად მიღებას, რაც ადრე თუ გვიან კომპანიის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას იწვევს. ასეთ დროს კომპანიის მთელი რესურსები ძირითადი საქმიანობის ნაცვლად დავალიანების ე.წ. ‘’ამოღებას” ხმარდება ხოლმე, რასაც სასურველი შედეგი მაინც არ მოაქვს. აღწერილი ან მისი მსგავსი პრობლემის გადაწყვეტის მიზნით ჩვენ სიტუაციას კომპლექსურად ვაფასებთ. ვითვალისწინებთ პრობლემური აქტივების ღირებულებას, არსებული მოთხოვნების დოკუმენტურ დასაბუთებასთან და ხანდაზმულობასთან დაკავშირებულ პრობლემებს და მხოლოდ ამის შემდეგ განვსაზღვრავთ აქტივების მართვის სტრატეგიას. დროისა და ხარჯების ეკონომიის მიზნით აქტიურად ვიყენებთ დავის გადაწყვეტის ალტერნატიულ საშუალებებს: მოლაპარაკებებს, მედიაციასა და არბიტრაჟს. საბოლოო ჯამში კლიენტი იღებს ფორმულას, რომელიც მუშაობას აგრძელებს ჩვენ შორის სახელშეკრულებო ურთიერთობების დასრულების შემდეგაც, რაც მომავალი პრობლემების პრევენციის საუკეთესო მექანიზმია.ჩვენმა სტრატეგიამ არაერთი გამოცდა გაიარა კომერციული ბანკებისა და სატელეკომუნიკაციო კომპანიების პრობლემური აქტივების მართვისას და თავისი სიცოცხლისუნარიანობა დაამტკიცა. ასე რომ შეგვიძლია წარმატებული თანამშრომლობა კიდევ ერთხელ ვცადოთ.
ბ) გადახდისუუნარობის საქმის წარმოება - როცა კომპანიას უჭირს სხვების წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, არც ასეთი კომპანიის ფლობა/კონტროლი და არც მისი კრედიტორობა სახარბიელო პერსპექტივა არ არის, თუმცა ეს მაინც არ ნიშნავს დასასრულს. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ინიცირებით თქვენი კომპანია შეძლებს ვალდებულებების მისაღებ და კანონზომიერ რეჟიმში შესრულებას.თუ თქვენ კრედიტორი ხართ, ჩვენ დაგეხმარებით, რომ გადახდისუუნარობის რთული და კომპლექსური პროცედურის მსვლელობისას თქვენი ინტერესები მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული.თუ თქვენ მოვალე ხართ, ჩვენ დაგეხმარებით კომპანიის გადარჩენაში ან მის გაკოტრებასა და ლიკვიდაციაში - თქვენი სურვილის შესაბამისად.
დაბოლოს, კრიზისების მენეჯმენტი და მისი სტრატეგია ინდივიდუალური და კომპლექსურია და მხოლოდ დასახელებული პროცედურებით არ შემოიფრაგლება. საჭიროების შემთხვევაში ჩვენ უზრუნველვყოფთ თქვენს ბიზნესში არსებული კრიზისული სიტუაციების მენეჯმენტს ნებისმიერ სხვა ვითარებაშიც.