“ჯეი ენდ თი ქონსალთინგის” მმართველი პარტნიორი გიორგი ცერცვაძე “აიპლუსის” ბრალდებებს პასუხობს

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საზოგადოება თვალყურს ადევნებს შპს “აიპლუსის” დამფუძნებლის, მამუკა მარღიშვილის, მიერ დაწყებულ უპასუხისმგებლო კამპანიას, რომელიც ყოველგვარ რაციონალურ ზღვარს გასცდა და პიროვნულ ბრალდებებში გადაიზარდა. 

იურიდიული ფირმა “ჯეი ენდ თი ქონსალთინგი” იცავს შპს “აიტექნიკის” ინტერესებს სასამართლოში და კონკურენციის სააგენტოში შპს “აიპლუსის” წინააღმდეგ. 

“აიპლუსმა” "აიტექნიკთან" დავა უკვე წააგო “საქპატენტში”. მოკვლევა დაწყებულია კონკურენციის სააგენტოში, ხოლო სასამართლოს განჩინებით კომპანიის აქტივები დაყადაღებულია. საჯარო წყაროებიდან და თვით “აიპლუსის” განცხადებებიდან ჩანს, რომ გამოძიებას აწარმოებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური. 

ყოველივე ზემოაღნიშნული არის იმ მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ლოგიკური შედეგი, რასაც შპს “აიპლუსი” წლების განმავლობაში უწყვეტად ახორციელებდა როგორც “აიტექნიკის,” ასევე, მომხმარებლების წინააღმდეგ. საზოგადოებას კარგად უნდა ახსოვდეს ე.წ. “ნაკურთხი აიფონებისა” და ტერორისტული ორგანიზაციის სიმულაციის გამოყენებით APPLE Inc.-ის პროდუქციის “რეკლამირების” ფაქტები. 

ბ-ნი მარღიშვილი აცხადებს, რომ “აიტექნიკი” სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, ბ-ნი ვალერი ცერცვაძის ოჯახური ბიზნესია, ხოლო მე მისი ბიძაშვილი ვარ და სასამართლოს მიერ მათ აქტივებზე ყადაღის დადებაც ამით არის განპირობებული. 

კარგად დაგეგმილი პროვოკაციაა ჩემი და სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, ბ-ნი ვალერი ცერცვაძის ნათესაობის ფაქტზე მითითება.  ძალიან მარტივი გადასამოწმებელია ის, რომ მე ბ-ნ ვალერის საერთოდ არ ვიცნობ და საერთო გვარის გარდა ჩვენ არასდროს გვაკავშირებდა რაიმე და არც ახლა გვაკავშირებს. 

ასევე მტკნარი სიცრუე და კონკურენციის სააგენტოს შეურაცხყოფაა ის ფაქტი, რომ სააგენტოს თანამშრომლები ჩემი დატრენინგებულნი არიან და თითქოს მოკვლევის დაწყებაც ჩემს სასარგებლოდ მიკერძოებული გადაწყვეტილებით მოხდა. მიმაჩნია, რომ კონკურენციის სააგენტოს თანამშრომლებს აქვთ სათანადო ცოდნა, გამოცდილება და კომპეტენცია საიმისოდ, რომ ყოველგვარი ტრენინგისა თუ მითითების გარეშე, დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, თუ ვინ წარმოადგენს ამა თუ იმ მხარეს. მე საკმაოდ ხშირად ვატარებ ტრენინგებს იურსტებისათვის სხვადასხვა თემებზე, თუმცა კონკურენციის სამართალში ტრენინგი არასდროს ჩამიტარებია ვინმესთვის და მით უმეტეს სააგენტოს თანამშრომლებისათვის. 

ბოლოს ყურადღება მინდა გავამახვილო ბ-ნი მარღიშვილის მიერ არაერთხელ გაჟღერებულ განცხადებებზე, რომ ის ასეთ პირობებში ვერ იმუშავებს და იძულებული იქნება “დატოვოს კომპანია”.  ბუნდოვანია, კონკრეტულად რას გულისხმობს ბ-ნი მამუკა, ვინაიდან კომპანიის დამფუძნებელი პარტნიორის მიერ მისი “დატოვების” პროცედურას კანონი არ ითვალისწინებს. ერთადერთი, რაც ნათლად ჩანს, არის ის, რომ მედიასაშუალებების გამოყენებით ატეხილი ხმაურით ბ-ნი მარღიშვილი ცდილობს თავიდან აიცილოს ის პასუხისმგებლობა, რომელიც აუცილებლად დადგება როგორც მის მიერ წლების განმავლობაში განხორციელებული უკანონო და უპასუხისმგებლო ქმედებების ლოგიკური შედეგი. ბ-ნი მამუკა ვერ შეძლებს ასე მარტივად “კომპანიიდან წასვლას” - როგორც თვითონ აცხადებს.  
 

2016-10-19 10:43:27

დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტმა "ჯეი ენდ თი ქონსალთინგს" მადლობის სიგელი გადასცა

იხილეთ ვრცლად

კომერციულ მედიაციაში წარმომადგენლობის ეროვნული კონკურსი

იხილეთ ვრცლად

სამუშაო შეხვედრა მედიაციის შესახებ სამომავლო კანონთან დაკავშირებულ საკითხებზე

იხილეთ ვრცლად

მაჩვენე ყველა